კომპანია Tesla, თავის პირველ ევროპულ ქარხანას ბერლინში ააშენებს

4

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla, ევროპაში თავის პირველ ქარხანას – Gigafactory გერმანიაში, ბერლინში ააშენებს. ამის შესახებ კომპანიის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გერმანიაში გამართულ Golden Steering Wheel-ის ცერემონიაზე განაცხადა.

მასკმა აღნიშნა, რომ ქარხანა ბერლინის ახალ აეროპორტთან აშენდება. Twitter-ზე კი ილონ მასკი წერს, რომ კომპანია საწარმოში გამოუშვებს ბატარეებს, ძრავებსა და ელექტრომობილებს, კერძოდ Model Y-ს. ოქტომბერში კომპანია Tesla აცხადებდა, რომ თავის პირველ ევროპულ ქარხანაში წარმოების დაწყებას 2021 წლისთვის აპირებდა.

კომპანია Tesla Motors 2003 წელს დაარსდა, როგორც ელექტრომობილების შემმუშავებელი, მწარმოებელი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია. კომპანიის შტაბ-ბინა პალო-ალტოში, კალიფორნიის შტატშია განლაგებული. ელექტრომობილების გარდა, კომპანია აგრეთვე აწარმოებს ბატარეებს და ელექტროძრავებს.

Tesla-მ თავისი პირველი უცხოური ქარხანა შანხაიში გახსნა, სადაც ელექტრომობილების Model 3-ის წარმოება დაიწყო. Model Y-ის წარმოება შესაძლოა 2020 წლის ზაფხულზე დაიწყოს. 2018 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ Tesla მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიისა და ნიდერლანდების ხელისუფლებებთან ევროპაში თავისი პირველი ქარხნის მშენებლობის დაწყების შესახებ.

Comments
Loading...