კომპანია Louis Vuitton-ის მფლობელმა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო

4

ჰოლდინგ Louis Vuitton Moët Hennessy (LVMH)-ის გენერალური დირექტორი და თავჯდომარე ბერნარ არნომ, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ერთი საფეხურით აიწია.

ამ მომენტისთვის, ფრანგი მილიარდერის ქონება 107 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება, რის შედეგადაც მან რეიტინგში გადაუსწრო კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს. რეიტინგის პირველ ადგილს კი კვლავ ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომისგანაც არნოს 5,2 მილიარდი აშშ დოლარი აშორებს.

არნოს ქონება LVMH-ის აქციების გაძვირების შედეგად გაიზარდა. 5 ნოემბერს, ლონდონის ბირჟების დახურვისას, კომპანიის აქცია 399,65 ევრო ღირდა. წლის დასაწყისში კი, კომპანიის ფასიანი ქაღალდები თითო 253,3 ევრო ღირდა.

მარტში, როდესაც Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, არნოს ქონება 76 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, უკვე ივლისში, შეფასებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ LVMH მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკულ საიუველირო ბრენდთან Tiffany & Co. ჯერჯერობით არ არსებობს იმის გარანტია, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ვინაიდან საიუველირო ბრენდი ჯერ წინადადების განხილვის პროცესშია. თუმცა, თუკი აღნიშნული შეთანხმება შედგება, იგი, LVMH-სთვის, 2017 წელს Christian Dior-ის შესყიდვის შემდეგ, ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება. გარდა ამისა, ფრანგული კომპანია ამ გზით მნიშვნელოვნად გააფართოებს თავის როლს საიუველირო სამკაულების ბაზარზე. 2011 წელს, კომპანიამ LVMH უკვე შეისყიდა სამკაულების ერთი ბრენდი Bulgari. გარიგების ღირებულებამ კი 5,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...