კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” გარემოს დაცვით საკითხებზე მედიასემინარს გამართავს

6

10 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “რუმს თბილისში” (მის: მ.კოსტავას #14) კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის – #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე მედიასემინარი გაიმართება.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნიცა ჩოლოყაშვილი ჟურნალისტებს გააცნობს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის 8 წლიან შედეგებს, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება.

სემინარზე ასევე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მარინე სუჯაშვილი აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად მოწვეულ ჟურნალისტებს გააცნობს თემებს, როგორიცაა როგორ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ტყეს, რომელ სეზონზე სჯობს ხის დარგვა, რა მანძილი უნდა იყოს ნერგებს შორის და ა.შ.

მედიასემინარზე გარემოს დაცვის სპეციალისტი აღნიშნულ საკითხებზე წარმოადგენს პრეზენტაციას და უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს. დასასრულს, აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე გაიმართება დისკუსია.

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად 2011 წლიდან ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 8700 ნერგი. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა – პატრონობის 5 წლიან გეგმასაც. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრები აქტიურად ჩართვა.

2018 წელს ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. ამ დღესვე, გაიმართა “ბორჯომის გმირის” დაჯილდოვება, რომლის დროსაც კომპანიის წარმომადგენლებმა 2017 წელს ხეობაში ტყის მასივში ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკალიზაციის დროს მომუშავე ადამიანებსა და სამსახურებს მადლობა გადაუხადეს. მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება და #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი საგაზაფხულო დარგვებს კვლავ პლატოს ტერიტორიაზე 18 მაისს განახორციელებს, ამასთან ტრადიციულად “ბორჯომის გმირებს” გამოავლენს და დააჯილდოვებს.

Comments
Loading...