კომპანია Alphabet-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა

6

კომპანია Alphabet-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 16 იანვრის ვაჭრობის შემდეგ, NASDAQ-ის ბირჟაზე, Alphabet-ის A კლასის აქციების ფასმა 1450,16 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის დახურვისას, C კლასის აქციების ფასმა – 1451,70 აშშ დოლარი.

ჰოლდინგის საერთო ღირებულებამ ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1 ტრილიონ აშშ დოლარზე ცოტა მეტი შეადგინა.
2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, Alphabet-ის ფასიანი ქაღალდები 7,5%-ით გაძვირდა, როდესაც Nasdaq-ის ინდექსმა 3,4%-ით მოიმატა. მთელი გასული წლის განმავლობაში, Google-ის მფლობელი კომპანიის აქციებმა 28%-ით მოიმატა.

კომპანია eMarketer-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში, კომპანიის მოგებამ 40,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თუმცა, ყველა პროგნოზი პოზიტიური არ არის. CNBC-ის ანალიტიკოსი ჯიმი კრამერი სკეპტიკურად არის განწყობილი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიის აქციების ფასების გაფრენასთან დაკავშირებით.

„მე არ მომწონს ასეთი ზრდა, იგი ეფუძნება არა ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, არამედ გამოწვეულია ბაზრის იმპულსით, რომელმაც სხვა ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასების ზრდაც გამოიწვია“, – აცხადებს ექსპერტი.

კრამერის მოსაზრებით, Alphabet-ის აქციებს ფასი შესაძლოა დაეცეს, თუკი 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები არ გაამართლებს მოლოდინებს. როგორც მოსალოდნელია, ფინანსური შედეგები 3 თებერვალს გახდება ცნობილი.

Comments
Loading...