კოვზანაძე: პარლამენტი ღიაა როგორც “თიბისი ბანკის”, ასევე ეროვნული ბანკისათვის

9

“ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას აკისრია სრული პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, საბანკო კანონმდებლობის დაცვაზე, აღნიშნული სფეროს მდგრადობასა და სტაბილურობაზე, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. საბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანმიმდევრულად გამოიყენოს მთელი რიგი სანქციები”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკი” ერთ-ერთი ლიდერი კომერციული ბანკია არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ რეგიონშიც.

მისი თქმით, ბანკის აქციონერები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა J.P. Morgan Chase Bank და “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD); “თიბისი ბანკი” ლონდონის ბირჟის პრემიუმ-ლისტინგში შემავალი საჯარო კომპანიაა. მისი კაპიტალის დონე, ლიკვიდობის ხარისხი, სტაბილურობა და მდგრადობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, ასევე თავად ეროვნული ბანკის მიერ.

“ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე იმიტომ რომ საფინანსო სექტორს არ უყვარს ხმაური, მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა და “თიბისი ბანკმა” ერთობლივად უნდა იმუშაონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საკითხი დაარეგულირონ ობიექტურად და წმინდა პროფესიონალურად, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე.

ჩვენ მოვისმინეთ, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების განცხადება, რომ აქვთ სურვილი, პარლამენტს წარუდგინონ გარკვეული მასალები. მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტი ღიაა, უშუალოდ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზადაა, მოაწყოს შეხვედრა როგორც “თიბისი ბანკის”, ასევე ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...