- Advertisement -

კოვზანაძე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ბიუჯეტის ასიგნებები 13 მლრდ ლარს მიაღწევს

6

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კიდევ 270 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ შეასრულა თავისი ვალდებულება და პარლამენტს უკვე წარუდგინა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია.

“ასიგნებებში დამატებულია 270 მილიონი ლარი, აქედან, თითქმის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების ხუთჯერ გაზრდაზე. სულ, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 538 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დახარჯავს, თითქმის, 13 მილიარდ ლარს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მაღალი ციფრი არასდროს ყოფილა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ახალი ვერსიის განხილვა ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე იგეგმება.

Comments
Loading...