კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია

21

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი.

თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია – ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს.

თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.

28 აპრილს Bath-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაავრცელეს საფრანგეთში გამოქვეყნებული იმ ორი საკამათო კვლევის, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და, ზოგადად, საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, მიმოხილვა. კვლევებით ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს მოწევამ ან ნიკოტინის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება შეამცირონ COVID-19-ის რისკი. კვლევის ფართოდ გავრცელებამ უბიძგა ადამიანებს, დაეწყოთ მოწევა, ეყიდათ ნიკოტინის პროდუქტები და ბოროტად გამოეყენებინათ ნიკოტინი.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა ბაზა სწრაფად იცვლება, წინამდებარე მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ამ კვლევების მიგნებები არათანმიმდევრულია და მწეველობასა და COVID-19-ს შორის კვლევით აღწერილი კავშირი სრულიად შეუსაბამოა უკვე არსებულ მტკიცებულებათა ვრცელ ჩამონათვალთან. იგი ასევე შეუსაბამოა ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების ფართოდ ცნობილ და აღიარებულ მექანიზმთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმოხილვა აჩვენებს, რომ მეორე ნაშრომის მთავარ ავტორს Jean-Pierre Changeux-ს ხანგრძლივი კავშირი აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან.

ყალბი მეთოდები, საეჭვო ანალიზები და თამბაქოს ინდუსტრიის კავშირები

კვლევასთან ”ყოველდღიური აქტიური თამბაქოს მოწევის დაბალი სიხშირე სიმპტომურ COVID-19 პაციენტებში” (Low Incidence of Daily Active Tobacco Smoking in Patients with Symptomatic COVID-19; https://www.qeios.com/read/WPP19W.3) დაკავშირებით სახეზეა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

კვლევა, სავარაუდოდ, არასაკმარისად აფასებს მწეველობასა და COVID-19-ს შორის არსებულ კავშირს:

განხილული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებსაც აქვთ მწეველობის დაბალი მაჩვენებელი;
კვლევიდან გამოირიცხა ბევრი ყველაზე მწვავე შემთხვევა მიუხედავად მტკიცებულებისა, რომელიც აკავშირებდა მოწევასა და ნეგატიურ შედეგებს.

კვლევა ჩატარდა საავადმყოფოში, სადაც შემთხვევების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ჯანდაცვის მუშაკები. იმის გამო, რომ ჯანდაცვის მუშაკები უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ სამსახურში, შედეგებმა შეიძლება ცოტა რამ თქვან მწეველობასა და ინფიცირების რისკზე.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მწეველი პაციენტების წილი მოსალოდნელზე დაბალი იყო, ყოფილი მწეველების მაჩვენებელი უფრო მაღალია. ავტორები ასევე გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ ბევრი ყოფილი მწეველი იმყოფება ნიკოტინჩანაცვლებით თერაპიაზე. ამის შეფასების გარეშე, შეუძლებელია გააკეთო დასკვნა, აქვს თუ არა ნიკოტინს დამცავი ეფექტი.

კვლევა „ნიკოტინის ჰიპოთეზა COVID-19–სთვის პროფილაქტიკური და თერაპიული შედეგებით” (A Nicotinic Hypothesis for COVID-19 with Preventive and Therapeutic Implications; https://www.qeios.com/read/FXGQSB) ეფუძნება ზემოთ ხსენებულ ყალბ კვლევას და მისი მიზანია ახალი ჰიპოთეზის შეთავაზება, თუ როგორ ხდება ინფიცირება და როგორ უნდა მოხდეს ნიკოტინით მკურნალობა.

ორივე კვლევა შეუსაბამოა როგორც მწეველობასა და COVID-19-ს შორის კავშირების შესახებ არსებულ მტკიცებულებებთან, ასევე COVID-19-ით ინფიცირების აღიარებულ მექანიზმთან.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არ აცხადებენ ფინანსური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, უნდა აღინიშნოს კვლევის წამყვანი ავტორის გრძელვადიანი ისტორიული კავშირების შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასთან. 1995-1998 წლებში Jean-Pierre Changeux-მა თამბაქოს კვლევის საბჭოსგან მიიღო გრანტები ბიუჯეტით 220.000 აშშ დოლარი. 90-იანი წლების ბოლოს იგი გახდა RJ Reynolds ფარმაცევტული შვილობილი კომპანია Targacept-ის თანამშრომელი და მრჩეველი, 2006/2007 წლებში იგი ხელმძღვანელობდა და გამოაქვეყნა Philip Morris International-ის მიერ დაფინანსებული კვლევები.

„მნიშვნელოვანი სიყალბის შემცველმა მცირე კვლევებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს“ – თქვა პროფესორმა ანა გილმორმა, University of Bath-ის თამბაქოს კონტროლის კვლევის ჯგუფის დირექტორმა და STOP-ის პარტნიორმა.

ნუ შეიძენთ ნიკოტინის პროდუქტებს

კვლევებმა გამოიწვია შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გაშუქება ფართო სპექტრის მედია საშუალებებში სათაურებით: „მწეველები ოთხჯერ ნაკლებად განიცდიან covid-19-ით დაინფიცირების რისკს“, „გეხმარება თუ არა ნიკოტინი ახალი კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, რაც მიანიშნებს, რომ თითქოს მწეველობამ და ნიკოტინის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს covid-19-ით ინფიცირების რისკი.

შედეგად, მივიღეთ სახიფათო გაურკვევლობა. საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა სპეციალური განცხადება და შემდეგში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეალიზაციის შეზღუდვის განკარგულება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნიკოტინის შემცველი პროდუქტების პანიკური ყიდვა და არასწორი გამოყენება. ირანის თამბაქოს საწინააღმდეგო ასოციაციის განცხადების თანახმად, ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ქვეყანაში, სადაც COVID-19-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია იუწყება, რომ არამწეველი ადამიანები იწყებენ მოწევას იმ რწმენით, რომ დაიცვან თავი COVID-19-სგან. თამბაქოს ინდუსტრია კი, როგორც მწარმოებლები, ასევე საცალო მოვაჭრეები, ამ ფონზე ზრდიან ფასებს სიგარეტებზე და ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებზე.

„დღემდე არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მწეველებს აქვთ კორონავისრუსის მძიმე გართულებებისა და ნეგატიური გამოსავლის მაღალი რისკი“ – განაცხადა ტომ ჰირდმა, University of Bath-ის მკვლევარმა და STOP-ის პარტნიორმა. „ამიტომ ახლა მოწევისთვის თავის დანებების ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი მიზეზია.“

ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა როგორც არასდროს უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და თამბაქოს კონტროლის ზომების გამკაცრება. განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სადაც კონცენტრირებულია მწეველების 80%.

საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%).

თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული ინტერვენციით, კერძოდ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (“FCTC“) ოთხი პრიორიტეტული მუხლის აღსრულებით (1. თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა; 2. საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა; 3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა; 4. თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) 15 წლის განმავლობაში საქართველო თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას და 2033 წლისათვის 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.

თამბაქოს მომხმარებლებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი!!!

ამ საკითხებს ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარის, დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადება 4 მაისის განცხადება, რომელიც საზოგადოებრის ინტერესებიდან გამომდინარე ქართულად ითარგმნა.

თამბაქოს კონტროლი COVID-19-ის პანდემიის დროს: როგორ შეგვიძლია დახმარება

დღეს, ჩვენ ვირუსით გამოწვეული დამანგრეველი გლობალური პანდემიის წინაშე ვდგავართ, რომელიც, სულ რაღაც, ოთხ თქვეში გავრცელდა და გახდა 3 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევისა და 240 000 სიკვდილის მიზეზი.

COVID-19-ის პანდემიის გასკონტროლებლად, მისი ტრაგიკული შედეგების შესამცირებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად, კრიტიკულ და გადაუდებელ აუცილებლობას მოითხოვს გლობალური კოორდინაცია და ურყევი სოლიდარობა ქვეყნებს შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა, გაერთიანებული ერების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თემებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის. ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ პროცესში და თუ ჩვენი ქმედებები ერთიანი იქნება, შევძლებთ ამ კრიზისთან გამკლავებას.

პანდემიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჯანმრთელობა აქამდე არასდროს ყოფილა ასე ფუნდამენტური მნიშვნელობის განვითარების, ეკონომიკის და ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტისთვის. სანამ მეცნიერები და ჯანმრთელობის პროფესინალები დაუღალავად მუშაობენ COVID-19-ის მედიკამენტებისა და ვაქცინების შექმნისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო (WHO FCTC) გააძლიერებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონვენციის მხარეებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩარჩო კონვენციის განხორციელებით, თავიანთი მოსახლეობისთვის უფრო ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად.

დავინახეთ, რომ COVID-19-ით სიკვდილის დონე უფრო მაღალია ადამიანებში, რომელთაც ქონდათ არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კიბოსა და დიაბეტის სამედიცინო ისტორია. და ვიცით, რომ თამბაქოს მოხმარება არის ამ დაავადებებთან დაკავშირებული მთავარი და საერთო რისკ-ფაქტორი.

თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს გლობალურად და უარყოფითად აისახება უამრავი სხვა ადამიანის რესპირაციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული მეცნიერება ვითარდება, ჩვენს მიერ მოპოვებული შეზღუდული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მოწევა აუარესებს COVID-19 პაციენტების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ გამოაქვეყნა თამბაქოს მოხმარებასა და COVID-19-ით დაინფიცირებას შორის კვლევა, ეს კვლევები არ წარმოადგენს მყარ მტკიცებულებას.

თამბაქოს ინდუსტრიას, როგორც ეს ნათქვამია ბევრ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, აქვს შეუქცევადი ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლი და მისი განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები მხარეებს სთხოვს დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან და მათგან, ვინც ამ ინტერესების გასატარებლად მუშაობს. თუმცა, ინდუსტრას აქვს მოტყუების და ჰუმანიტარული კრიზისების, სტიქიური უბედურების და სხვა მსგავსი კატასტროფული მოვლენების კაპიტალიზაციის კარგად დოკუმენტირებული ისტორია.

დღეს, თამბაქოს ინდუსტრია კიდევ ერთხელ სარგებლობს ჩვენი მხარეების დაუცველი სიტუაციით, სთავაზობს მათ ფულის დონაციის საშუალებით თავის „საქველმოქმედო დახმარებას“, პერსონალური დაცვის აღჭურვილობებს, ვენტილაციებს და სხვა რესუსებს, ინდუსტრიის უკეთესი შეხედულების და მათი რეპუტაციის გაძლიერებისთვის.

მე მესმის ინტენსიური მორალური დილემა, რომელსაც მთავრობა განიცდის ამ არაჩვეულებრივად რთულ დროს: ერთი მხრივ, არსებობს გადაუდებელი საჭიროება და იმპერატიული ვალდებულება, გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე. მეორეს მხრივ, არსებობს დონორი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის დაცვის წინააღმდეგ მუშაობის მკაფიო ისტორია, რომელიც გვთავაზობს განსაკუთრებით საჭირო რესურსებს, რომელთა მოსახლეობისთვის უზრუნველყოფის საშუალება ბევრ მთავრობას არ გააჩნია.

პარადოქსი საოცარია – თამბაქოს ინდუსტრია გვთავაზობს დახმარებას და მთავრობის მხარდაჭერას პანდემიის დროს, არადა, განა ეს სწორედ ის ინდუსტრია არაა, რომელიც აწარმოებს და აგრესიულად ყიდის ნარკოტიკულ პროდუქტს, რომელიც კლავს მისი მომხმარებლების ნახევარს? განა ეს ის ინდუსტრია არაა, რომლის პროდუქტებიც იწვევს არაგადამდები დაავადებების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ, აუარესებს COVID-19-ის პაციენტების მდგომარეობას?

შეგვიძლია მოველოდეთ თამბაქოს ინდუსტრიისგან, რომ მიყვებიან თავიანთი ჩვეულებრივი თამაშის გეგმას იმის მტკიცებით, რომ ისინი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ მთავრობებს პანდემიის დროს, მაგრამ შემდეგ განახორციელებენ მათზე ზეწოლას ან ჩარევას იმავე ხელისუფლების თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ძალისხმევაში.

ამ პანდემიის დროს, მსურს შევახსენო ყველა მხარეს, რომ არასოდეს ყოფილა უფრო შესაფერისი დრო თქვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა მათ ცადონ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. ჩვენ ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა დავიცვათ, თამბაქოს კონტროლის კუთხით მიღებული მიღწევები, ასეთ რთულ პერიოდშიც კი. მხარეთა დასახმარებლად ამ მიზნების შესრულებაში, კონვენციის სამდივნო მზად არის მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც სურს განახორციელოს ან გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და შექმნას უფრო ჯანმრთელი გარემო მათი მოსახლეობისათვის.

ყველას გვახსოვდეს, რომ თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემო, თვალსაჩინო სამედიცინო გაფთხილებები თამბაქოს კოლოფებზე ან თუნდაც სადა შეფუთვა, თამბაქოს ყველა ფორმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი – გადასახადების და ფასების ზრდა თამბაქოს პროდუქტებზე, არის ჩარჩო კონვენციის ფუნდამენტური ნაწილი. ეს განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ძალიან ხარჯთეფექტური ზომები არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის და მათი განხორციელება შეიძლება შეზღუდული რესურსების გარემოშიც კი.
რესურსების შეზღუდვის საკითხთან მიმართებით, დადასტურდა, რომ თამბაქოს გადასახადების ზრდა ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური ღონისძიებაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, მომავალი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად. თამბაქოს დაბეგვრა ასევე ზრდის მთავრობებისთვის საჭირო შემოსავლებს, თავიდან არიდებს მათ მოსალოდნელ ჯანმრთელობის ხარჯებს და ამსუბუქებს ტვირთს ჯანდაცვის სისტემებზე. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ ახლა საუკეთესო დროა, რათა ვიფიქროთ თამბაქოს გადასახადების გაზრდაზე, განსაკუთრებით რესურსების შეზღუდვების და თამბაქოს მოხმარების უარყოფითი ჯანმრთელობის შედეგების გათვალისწინებით.

ამ რთულ პერიოდში, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი მხარეებისთვის და პირადი მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ სიცოცხლეს საზოგადოების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარე დოქტორი ადრიანა ბლანკო;

2020 წლის 4 მაისი.

https://www.who.int/fctc/secretariat/head/statements/2020/tobacco-control-during-covid-19-pandemic/en/?fbclid=IwAR1PZiVNM6OmhjZnvIgh0tycQV2M3Z9SEAub7_CV9zMJ4M-WqOlG3ifylbY

Comments
Loading...