კალაძე: ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე 2.5-ჯერ, ხოლო შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე 10-ჯერ გაიზარდა

11

“ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე 2.5-ჯერ, ხოლო შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე 10-ჯერ გაიზარდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, შრომის უსაფრთხოების გამკაცრების მიმართულებით, თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით სამშენებლო ნორმების და რეგულაციების გამკაცრება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ცვლილებების ამოქმედების შედეგად უბედური შემთხვეის სტატისტიკა დედაქალაქში მკვეთრად შემცირდა, 2018 წლის განმავლობაში კი 10 მილიონი ლარის ჯარიმა იქნა გამოწერილი.

“10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე და გახდა 30 000 ლარი. 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე და გახდა 50 000 ლ. 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობაზე და გახდა 25000 ლარი.

2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა კერძო მიწაზე უნებართვო მშენებლობაზე და გახდა 20 000 ლარი. 3-ჯერ გაიზარდა მესამე კლასის პროექტის დარღვევით მშენებლობა და გახდა 10 000 ლარი. 4-ჯერ გაიზარდა მეოთხე კლასის პროექტის დარღვევით მშენებლობა და გახდა 1 5000 ლარი. შემოღებულია და ამოქმედებულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა იქნა გამოწერილი მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

ჩვენს ინტერესებში შედის ვაიძულოთ კომპანია, მუშა-პერსონალის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ჩაფხუტის გარეშე მუშაობენ ან ფასადზე მიდის მუშაობა შესაბამისი ჩასაბმელების გარეშე. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ჯერ კიდევ არის და გვიწევს ასეთი ობიექტების დაჯარიმება.

მართალია, თავიდან გაუჭირდათ კომპანიებს ახალ რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ ეტაპობრივად ყველა კომპანიას მივაწოდეთ ინფორმაცია ამ ღონისძიებებზე. ამ ცვლილებების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებზე მოგახსენებთ: 2017 წელს, თბილისის მასშტაბით, საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ ცვლილებები განვახორციელეთ ანუ 2018 წლის დასაწყისიდან, მთელი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 9 ადამიანი. ჩვენ მეტი და მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მას სწორედ ამ ღონისძიებებზე სურდა ინფორმაციის მიწოდება გუშინდელი აქციის მონაწილე ახალგაზრდებისთვის, როდესაც მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მათთან შეხვედრისა და პრობლემური საკითხების ერთობლივად განხილვის მზადყოფნა.

“ახალგაზრდებთან შეხვედრა სწორედ ამიტომ მინდოდა. თუ იქნებოდა რაიმე საინტერესო წინადადება და მიმართულება, მომესმინა და ერთობლივად განგვეხილა პრობლემები. ჩვენ შევძლებთ პრობლემის ერთიანი ძალისხმევით მოგვარებას. მე მზად ვარ, ახალგაზრდებთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან, ამ ქალაქში ცხოვრობენ და მესმის, რომ მათ, ისევე როგორც ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, მერიის თანამშრომელს, უნდათ ეს ქალაქი უკეთესი იყოს და ადამიანების უსაფრთხოება აქ მაქსიმალურად დაცული იყოს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

Comments
Loading...