კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა

5

ამის შესახებ, დედაქალაქია მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იყრებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქისთვის. შეიძლება ჩვენ, ქალაქის ცენტრში ვერ ვგრძნობდეთ ამ პრობლემას, თუმცა, სამგორის რაიონისთვის ეს არის ძალიან მწვავე პრობლემაა.

ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე შემუშავებულია კონცეფცია. რამდენიმე დღეში ვაცხადებთ ტენდერს, პროექტირება და სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გაზშემკრების მოწყობა. არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა და სერიოზულ პრობლემას წამოადგენს. გარდა იმისა, რომ ქარის დროს ხდება ამ ნარჩენების გადაადგილება, არის სუნის პრობლემაც, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს.

შესაბამისად, სამუშაოები, რომლებზეც ტენდერი ცხადდება, არის გაზშემკრების მოწყობა. ის გაზი, რაც გამოიყოფა მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე.

მეორე პროექტი, ირაკლი ხმალაძეს (ვიცემერს) მინდა დავავალო: ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როცა ხდება გაზის შეგროვება, მისგან ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. დავიწყოთ პროექტზე მუშაობა, რომ ამ შეკრებილი გაზით მოხდეს ელექტროენერგიის წარმოება, რასაც გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი”, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...