ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს

6

„ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის კვლავ 3 პროცენტია.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოქტომბრიდან, პროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება.

„კერძოდ, ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში კი, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე, 1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში კი წარმოდგენილია ინფლაციის დონე აგვისტოს თვის მონაცემებით 4.9%, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა. ამასთან, საინტერესოა რა ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარუდგინა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18 გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

Comments
Loading...