იოსებ არჩვაძე: ადგილობრივი ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

27

“კორონავირუსის პანდემიისას წარმოების შემცირებისა და გლობალური მოთხოვნის შემცირების პირობებში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. 2020 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე მან 1720.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. ეს ადგილობრივი ექსპორტის წლის აღნიშნული დროისათვის ისტორიული მაქსიმუმია,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.

ექსპერტის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარ-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან 2020 წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა. „ადგილობრივი ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი გადის საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, რაც ჩვენი ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე ასევე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებსმ,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ყოველთვიური მაჩვენებლებიდან სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი (246.0 მლნ. აშშ დოლარი) ასევე რეკორდულად ყველაზე მაღალია, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან ზრდის ტემპით (+27.1%) – ისტორიულად მესამე ადგილზეა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ნახევარზე მეტი (50.2%) სამი სახის პროდუქციაზე მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5 პროცენტი), ფეროშენადნობები (10.4 პროცენტი) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (8.3 პროცენტი).

Comments
Loading...