ინ ვიტრო განაყოფიერება – ხშირად დასმული კითხვები

4

ინ ვიტრო განაყოფიერება არის უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მომავალში ამ მეთოდის საშუალებით დაბადებულ ადამიანთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. დიდი ინტერესის გამო, ამ თემის ირგვლივ მუდმივად ჩნდება შეკითხვები, რომლებიც კვალიფიციურ პასუხებს საჭიროებს.

ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ჟორდანიას განახლებული კლინიკის ხელმძღვანელი მეან- გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე გასცემს.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე, უსაფრთხო და უკვე რუტინული მეთოდია. ეს მეთოდი პირველად 1978 წელს დაინერგა მედიცინაში და მას შემდეგ უფრო და უფრო იხვეწება. ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხდება არა ფალოპის მილში, არამედ სპეციალურ სინჯარაში.

რა არის უნაყოფობა და რა შეიძლება გახდეს მისი მიზეზი?

თუ ერთწლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილი ითვლება უნაყოფოდ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, როდესაც სპერმა არ არის სრულფასოვანი და ქალისმიერი, როდესაც რეპროდუქციული ტრაქტის რომელიმე სტრუქტურა ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ასევე არსებობს უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა. უნაყოფობის პრობლემის დასაძლევად, ინ ვიტრო განაყოფიერება გახლავთ ყველაზე ეფექტური მეთოდი.

რა ეტაპებისგან შედგება ინ ვიტრო განაყოფიერება?

თავდაპირველად ხდება საკვერცხის მომზადება, კერძოდ მისი სტიმულაცია, იმისათვის რომ გაიზარდოს ფოლიკულები და მომწიფდეს კვერცხუჯრედები. როდესაც ფოლიკულები მიაღწევს ზღვრულ მაჩვენებელს, სპეციალური კათეტერით შედიან თითოეულ ფოლიკულში და იღებენ ფოლიკულურ სითხეს. სითხე იგზავნება ლაბორატორიაში კვერცხუჯრედების მოძიების მიზნით. მათი მოძიების შემდეგ ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით. არსებობს განაყოფიერების ორი გზა. პირველი, როდესაც სინჯარაში განაყოფიერების პროცესი ბუნებრივის იდენტურია. ათასობით სპერმატოზოიდი ცდილობს კვერცხუჯრედში შეღწევას. ხოლო მეორე, როდესაც ემბრიოლოგს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ხელოვნურად შეყავს ერთი სპერმატოზოიდი. განაყოფიერების შემდეგ ყალიბდება ზიგოტა. ზიგოტა განვითარების მესამე დღისთვის აღწევს მორულას, ხოლო მეხუთე დღისთვის ბლასტოცისტის სტადიას. სწორედ მესამე და მეხუთე დღეებში ხდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა და/ან გაყინვა.

ამ პროცედურის გარდა სხვა რა ტექნოლოგიებს მოიაზრებს ინ ვიტრო განაყოფიერება?

ICSI – სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია. ეს პროცედურა ინ ვიტრო სპეციალისტს საშუალებას აძლევს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში შეიყვანოს ყველაზე ჯანსაღი სპერმატოზოიდი.

Assisted Hatching – დახმარებით “გამოჩეკვა”. ამ პროცედურის დროს ემბრიოლოგი ხელოვნურად არღვევს მბრწყინავ გარსს, იმისავის რომ გამარტივდეს განაყოფიერების პროცესი.

კრიოპრეზერვაცია – რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება ან უბრალოდ პაციენტის სურვილი, ხდება ემბრიონის გაყინვა. მათი გამოყენება მომავალშიც თავისუფლად არის შესაძლებელი.

FET – ემბრიონის გალღობა – გადატანა.

PGS – პრეიმპლანტური გენეტიკური სკრინინგი – ემბრიონის ანალიზი ქრომოსომული პათოლოგიების გამოსავლენად, რომელიც კეთდება საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე.

რა არის დონორისა და სუროგატის ჩართულობის სამედიცინო ჩვენება?

ასაკობრივი ცვლილებების, სხვადასხვა დაავადებისა და ზოგიერთი მკურნალობის მეთოდის (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) შედეგად ქალის რეპროდუქციულ სისტემაში, კერძოდ საკვერცხეში მიმდინარეობს პროცესები, რის შედეგადაც მას აღარ აქვს რესურსი წარმოქმნას და მოამწიფოს კვერცხუჯრედი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება. რაც შეეხება მამაკაცს, სხვადასხვა მავნე ჩვევა, ფიზიკური დატვირთვა, ზოგიერთი მკურნალობის მეთოდი (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა) აუარესებს სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებელს, კერძოდ სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობას, მოძრაობის უნარს, მორფოლოგიურ მახასიათებელს , ლიკოფრაქციას, სიბლანტეს, აგლუტინაციას და ლეიკოციტების შემცველობას. ასევე, თუ ქალს არ ყავს პარტნიორი, თუ ეს მისთვის ეთიკურად მისაღებია, რეკომენდებულია დონორის სპერმის გამოყენება. სუროგატი დედის ჩართულობა განპირობებულია ქალის საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემებით.

რა არის IVF პროცედურის პოტენციური რისკები და გართულებები?

სისხლდენა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (შარდის ბუშტი,სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, საშვილოსნსო ყელი) დაზიანება, აღმავალი ინფექცია, პერიტონიტი, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საკვერცხის შემოგრეხა, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ექტოპიური ორსულობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული გართულებები შემთხვევათა მცირე პროცენტში გვხვდება.

რამდენად ხელმისაწვდომია IVF?

დღესდღეობით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით 5 მილიონამდე ბავშვია დაბადებული. იგი ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია.

იწვევს თუ არა IVF ტყუპების ჩასახვას და მრავანლნაყოფიან ორსულობას ?

წარსულში ექიმები რეკომენდაციას უწევდნენ რამდენიმე ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, იმისათვის, რომ გაეზარდათ დაორსულების შანსი. დღესდღეობით მრავალნაყოფიანი ორსულობის პოტენცუირი რისკების გამო, ერთ ცდაზე ორ ემბრიონზე მეტის გადატანა არ არის რეკომენდებული. ინ ვიტრო ციკლიდან მიღებული დანარჩენი ემბრიონები უნდა გაიყინოს და შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის.

რომელი უფრო ეფექტურია გაუყინავი ემბრიონის თუ გამომღვალი ემბრიონის გადატანა?

ემბრიოლოგიური ტექნოლოგიების დახვეწამდე, გამომღვალი ემბრიონის გადატანის შედეგად დამდგარი ორსულობის სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო, რადგან გამოლღობის პროცესში ემბრიონი ზიანდებოდა. დღესდღეობით, როდესაც ემბრიოლოგიურ პრაქტიკაში დანერგილია ვიტრიფიკაციის მეთოდი(წყლის კონვერსია მყარ მდგომარეობაში ძალიან სწრაფი გაყინვის მეთოდით კრისტალების ფორმაციის გარეშე), ემბრიონების >90 % წარმატებით გამოლღვება. რაც იმას ნიშნავს რომ გაუყინავი და გამომღვალი ემბრიონების წარმატების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება.
ემბრიონის გაყინვა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ გენეტიკური კვლევები ქრომოსომული პათოლოგიების დიაგნოსტირების მიზნით და შევარჩიოთ ყველაზე ჯანსაღი ემბრიონი, რათა ამ კუთხითაც გავზარდოთ დაორსულების შანსი. ამასთან ერთად, შეიძლება ქალის ჰორმონალური სტატუსი არ იყოს სახარბიელო ემბრიონის გადატანისთვის. ემბრიონის გაყინვა კი გვაძლევს საშუალებას ქალის ორგანიზმი მოვამზადოთ სათანადოდ.

საჭიროა თუ არა გრძელვადიანი დასვენება ინ ვიტრო პროცედურის ჩასატარებლად?

IVF პროცედურების უმეტესობა მარტივია და ხორციელდება ამბულატორიულ დონეზე. მიუხედავად იმისა რომ, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, პაციენტთა უმეტესობა მეორე დღესვე უბრუნდება აქტიური ცხოვრების რიტმს. მომდევნო მენსტრუალური ციკლიდან კი ფიზიკური დატვირთვაც არის შესაძლებელი. თუ ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, მშვიდი, მაგრამ არა პასიური, ცხოვრების წესია რეკომენდირებული.
რეპროდუქციული მედიცინის წამყვანი დაწესებულება, ჟორდანიას კლინიკა VIVO Medical Group-ში გაერთიანებისა და რებრენდიგის შემდეგ საქმიანობას განახლებული ტექნოლოგიებით და ტრადიციული პროფესიონალიზმით აგრძელებს. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ითვლება ლიდერ დაწესებულებად რეპროდუქციის სფეროში. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა, გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. შეიცვალა სამედიცინო ცენტრის დასახელებაც და ის ბაზარზე “ჟორდანიას კლინიკის” სახელწოდებით დაიწყო მუშაობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე :

http://zhordaniaclinic.ge/home

https://www.facebook.com/%E1%83%9F%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-Zhordania-Clinic-1445063482471866/

Comments
Loading...