ინგლისის ბანკმა, ბრექსითის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის შემცირება II მსოფლიო ომის დროინდელ მაჩვენებლამდე დაუშვა

5

ინგლისის ბანკმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის სხვადასხვა სცენარის ანალიზი გამოაქვეყნა. რეგულატორის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბრექსითი ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე განხორციელდება, ქვეყნის მშპ, 5 წლის განმავლობაში შესაძლოა 5%-ით შემცირდეს. გარდა ამისა, ბანკი ფუნტი სტერლინგის კურსის დაწევასა და ინფლაციის მკვეთრ ზრდას ელის.

მთლიანობაში, მოვლენების განვითარების ოთხი ვარიანტი არსებობს (წერს ბლუმბერგი): ორი მათგანი ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე ბრექსითის განხორციელებაზეა დაფუძნებული და გამოსვლის მსუბუქი ვერსიები ითვალისწინებს იმას, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას, ევროკავშირის გარეთ, თავის პარტნიორებთან შეეძლება სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება სწორედ იმ პირობებით, რაც ევროკავშირთან ჰქონდა.

ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში კი, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესია ელის, რაც მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყველაზე მძლავრი იქნება:

  • 2023 წლისთვის მშპ-ის 8%-ით შემცირება;
  • საყოფაცხოვრებო უძრავი ქონების ფასების 1/3-ით დაწევა, ხოლო კომერციულ უძრავ ქონებაზე – 48%-ით;
  • უმუშევრობის მაჩვენებლის ორჯერ, 7,5%-მდე გაზრდა;
  • ინფლაციის მაჩვენებლის 6,5%-მდე ზრდა;
  • ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება;
  • ინგლისის ბანკის საბაზისო განაკვეთის 5,5%-მდე ზრდა, რაც სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

ამასთან, ინგლისის ბანკს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის მსხვილი ბანკები სრულად მზად არის იმ შედეგებისთვის, რაც შესაძლოა ბრექსითს მოჰყვეს, მათ შორის ყველაზე გამანადგურებელი სცენარისთვისაც კი.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ინგლისის ბანკის კრიტიკოსებმა, ბანკი სცენარის კატასტროფულად განვითარების შემთხვევების გავრცელების გამო გააკრიტიკეს. აქამდე კი რეგულატორს უკვე გაუკეთებია მსგავსი რამ, როდესაც 2016 წლის ბრექსითთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებამდე საკმაოდ პირქუში პროგნოზები გაავრცელა. მაშინ ბანკი იტყობინებოდა შესაძლო რეცესიის შესახებ, თუმცა ეკონომიკური ზრდა მაინც გაგრძელდა.

სხვა სცენარი, რომლის ანალიზიც ინგლისის ბანკმა მოახდინა, ითვალისწინებს პუნქტს, რომ ლონდონი ბრიუსელთან მჭიდრო ურთიერთობის მიზნით შეთანხმებას გააფორმებს, რაც შემდეგ მაჩვენებელებამდე მიიყვანს:

  • 2019 წლის პირველ კვარტალში ფუნტის კურსის 5%-ით ზრდა;
  • 2023 წლისთვის ქვეყნის მშპ-ის 1,75%-ით ზრდა.

იმ შემთხვევაში, თუკი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება არ გაითვალისწინებს ასეთ მჭიდრო ურთიერთობას, ბრიტანული ვალუტის კურსი 2%-ით აიწევს, ხოლო ქვეყნის მშპ 2023 წლისთვის 0,75%-ზე ნაკლები იქნება.

გასულ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დიდ ბრიტანეთთან ბრექსითის შესახებ შეთანხმება დაამტკიცეს. ახლა დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტმა და ლონდონმა უნდა მოწეროს ხელი.

ბრექსითი (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა) 2019 წლის 29 მარტის თარიღით არის ჩანიშნული. ალიანსის დატოვების პერიოდი კი 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

Comments
Loading...