ილონ მასკს ჯარიმის სახით, 20 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა

10

ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Tesla Inc.-ის დამაარსებელი, მისი გენერალური დირექტორი ილონ მასკი და აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია მივიდნენ შეთანხმებამდე. ეს მას მერე მოხდა, რაც ამერიკის ხელისუფლებამ ბიზნესმენს ინვესტორების შეცდომაში შეყვანა დასდო ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასკი შეძლებს კომპანიაში თავისი თანამდებობა – Tesla-ს გენერალური დირექტორი – შეინარჩუნოს, თუმცა 45 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. შეთანხმების პირობების მიხედვით კი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აღნიშნულ თანამდებობას ვერავინ დაიკავებს.

ბიზნესმენმა აგრეთვე უნდა გადაიხადოს 20 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ იგივე რაოდენობის თანხის გადახდას დააკისრებს აშშ-ის ხელისუფლება კომპანია Tesla-ს. გარდა ამისა, კომპანიის საბჭოში დანიშნავენ ორ ახალ დამოუკიდებელ დირექტორს. აგრეთვე შეიქმნება დამოუკიდებელ დირექტორთა ახალი კომისია, რომელიც აგრეთვე თვალყურს მიადევნებს მასკის პოსტებსა და შეტყობინებებს.

აქამდე ილონ მასკი უარყოფდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის ბრალდებებს და მათ უსამართლოს უწოდებდა და აცხადებდა, რომ ინვესტორებთან მიმართებაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მასკის წინააღმდეგ საქმე 27 სექტემბერს აღძრეს. საქმე ეხებოდა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს, რომელიც მან თავის ოფიციალურ ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც იგი მზადყოფნას აცხადებდა კომპანია Tesla-ს ყველა აქციის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თითო აქცია 420 აშშ დოლარი. კომისიაში აცხადებენ, რომ ამ პოსტით, როდესაც კომპანიის აქციების გამოსყიდვის შესახებ წერდა, ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა. საჩივრის ავტორი წერს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

28 სექტემბერს კი, მასკის წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ, როგორც Bloomberg-ი წერს, Tesla-ს აქციები ნიუ-იორკის ბირჟაზე 13,86%-ით, თითო ფასიან ქაღალდზე 265,03 აშშ დოლარამდე დაეცა.

Comments
Loading...