ივანე მაჭავარიანი: წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს

9

წყალტუბოს პროექტი გააერთიანებს მომიჯნავე რეგიონებსა და სექტორებს, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „არენაში“ წყალტუბოს აღორძინების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

როგორც მან განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას.

„პროექტის მიხედვით, გაკეთდება 22 სასტუმრო, 9 სპა კომპლექსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა, აქ გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე, ან ეკონომიკაში რა წვლილი ექნება სამშენებლო პროცესს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ. შემდეგ მოხდება ძალიან სერიოზული რამ – მოხდება მთელი ეკოსისტემის შექმნა მომიჯნავე რეგიონებთან, სოფლებთან, მომიჯნავე სექტორებთან და ინდუსტრიებთან. რა მაქვს მხედველობაში… ჩვენ ვსაუბრობდით ტურისტების დიდ რაოდენობაზე, აუცილებელია მათი კვებით უზრუნველყოფა.

შესაბამისად, ბუნებრივად განვითარდება სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეგიონში შენდება კავკასიის მასშტაბით უდიდესი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩვენ საბოლოო ჯამში, მივიღებთ ტურისტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს… როდესაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურა გაქვს, ბევრი კარგი სიურპრიზი გელოდება და არა მხოლოდ იმ დარგში, რომლისთვისაც ეს ინფრასტრუქტურა გაკეთდა. შესაბამისად, ვფიქრობ, წყალტუბოს პროექტი დასავლეთ საქართველოს სერიოზულ გამოცოცხლებას გამოიწვევს და სერიოზულ სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...