ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

13

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია და განიხილეს უშუალოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებული მონაკვეთების მშენებლობის დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ სექტორზე, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა განახორციელოს, დაახლოებით, 100 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია.

ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილ პროექტებს, რომელმაც აღნიშნულ სფეროში ხელი უნდა შეუწყოს პროდუქტიულობის ზრდას, აქცენტი გაკეთდა ენერგოეფექტურობისა და ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ს გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

Comments
Loading...