“თუ არ დასრულდა  “კავკასუს ონლაინის” მიმართ არსებული დავა, ქვეყნის ციფრულ ჰაბად ქცევაზე საუბარი უტოპიაა”

27

კომუნიკაციების კომისიასა და „კავკასუს ონლაინს“ შორის არსებული დავა უკვე საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. ერთი მხრივ, კომისია მოითხოვს, რომ კომპანიამ გააუქმოს წილის გასხვისების ტრანზაქცია, ხოლო მეორე მხრივ „კავკასუს ონლაინში“ აცხადებენ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან  კომპანია მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქციას ვერ შეაბრუნებს.

კომპანიის „დასასჯელად“ კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური კანონპროექტიც კი მოამზადა, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა გავლენიანი საერთაშორისო დიპლომატების, ექსპერტების და დასავლური მედიის მხრიდან.
რა რისკის მატარებელია ცვლილებები კომუნიკაციების შესახებ კანონში, როგორ აისახება საერთაშორისო დიპლომატების კრიტიკა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და აქვს თუ არა საქართველოს შანსი იქცეს ციფრულ ჰაბად, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე გვესაუბრა.

– პირველ რიგში, მოდით დავიწყოთ ახალი კანონპროექტით, რომელიც კომუნიკაციების კომისიისთვის უფლებამოსილების გაზრდა გულისხმობდა და რასაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი იყო კანონში ასეთი ცვლილებების მიღება და რა რისკების მატარებელია იგი?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ  ამ  კანონპროექტში  არაერთი საკამათო და სახიფათო პუნქტია, რომელიც  გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, უკვე სხვა კომპანიების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ მოჰყვა აღნიშნულ კანონპროექტს საკმაოდ დიდი უკმაყოფილება, განსაკუთრებით ბაზარზე მოქმედი ბიზნესსუბიექტების მხრიდან.

განსაკუთრებით მიუღებელია პუნქტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე,  კომპანიას დაუნიშნოს დროებითი მმართველი განუსაზღვრელი  უფლებამოსილებით. ეს პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული და ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. აღსანიშნავია,  რომ  კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ამ უფლებამოსილებების მინიჭება ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას.

სხვათა შორის, ამ კანონპროექტს და კომუნიკაციების კომისიის მიერ ფაქტობრივად ღიად წამოწყებულ ომს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ასპარეზზეც. არაერთმა გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუ მედიასაშუალებამ გაავრცელა კრიტიკული განცხადება, სადაც ისინი ღიად მიუთითებდნენ ხელისუფლებასა თუ მარეგულირებელ კომისიას, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აზარალებდა ბიზნესგარემოს და უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

– თავადაც ახსენეთ და ნამდვილად, ბოლო პერიოდში, არაერთი უარყოფითი განცხადება ვიხილეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის დიპლომატების მხრიდან, სადაც საუბარი იყო „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე. თქვენი შეფასებით,  როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე?

– ბუნებრივია, მსგავსი ქეისები ყოველთვის უარყოფითად აისახება  საინვესტიციო გარემოზე და აზარალებს ქვეყნის საგარეო იმიჯს. არსებულ კრიზისულ ვითარებაში, საქართველოსთვის ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი უმნიშვნელოვანესია და მთავრობის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდნენ მათ მოზიდვას. ხოლო  ამ დროს, როდესაც ინვესტორები ისმენენ „კავკასუს ონლაინის“ მსგავსი პრეცედენტების შესახებ, ბუნებრივია მათ ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალია დღეს ბიზნესი საქართველოში და რამდენად ღირს აქ ინვესტიციის ჩადება.

სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ დაპირისპირებამ, რომელიც კომუნიკაციების კომისიასა და „კავკასუს ონლაინს“ შორის დაუსრულებლად გრძელდება, ცივილური სახე მიიღოს და  სასამართლოში გადაინაცვლოს. ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხები სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით გადაწყდეს და არა კომპანიების წინააღმდეგ სპეციალურად მიღებული კანონპროექტებითა და მუდმივი ზეწოლის გზით.

– როგორც თქვენ ამბობთ, თუკი კომუნიკაციების კომისიამ ეს კანონპროექტი „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ მიიღო, მაშინ რატომ აგრძელებს მათ დაჯარიმებას, მაშინ როდესაც შეუძლია კომპანიას  დაუნიშნოს დროებით მმართველი ან შეუჩეროს ავტორიზაცია?

– იმას, რომ კანონპროექტი კონკრეტულად „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული არამარტო მე ვამბობ, არამედ იგი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისას, ფაქტობრივად თავადაც აღიარა კომისიის თავმჯდომარემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ავტორიზაციის შეჩერებას, ამ გადაწყვეტილების მიღება კომუნიკაციების კომისიას აქამდეც შეეძლო, თუმცა ავტორიზაციის შეჩერება თავისთავად აჩენს რისკს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი  და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტები დროებით ინტერნეტის გარეშე, ან უხარისხო ინტერნეტის იმედად დარჩებიან. რა თქმა უნდა, ბაზარზე ოპერირებენ სხვა საბითუმო ინტერნეტის შემომტანი კომპანიებიც, მაგრამ სავარაუდოდ ისინი სრულფასოვნად ვერ შეძლებენ „კავკასუს ონლაინის“, სრულად ჩანაცვლებას, ვინაიდან „კავკასუსი“ დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია და ევროპული ინტერნეტიც სწორედ მისი მეშვეობით შემოდის ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიას თავადაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ”კავკასუს ონლაინისთვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „კავკასუს ონლაინი“ საკმაოდ დიდი მოცულობის საბითუმო ინტერნეტს ყიდის მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ამავდროულად, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში,  მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქციის უკან დაბრუნება, ანუ ის რასაც კომუნიკაციების კომისია ითხოვს „კავკასუსისგან“.  შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში  სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრიაციას და ლახავს თავისუფალი ბიზნესის უფლებებს.

– რამდენიმე დღის წინ, ჯერ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ კომისია დაინტერესებულია ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს, ხოლო შემდგომ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა  ჩამოყალიბდეს საქართველო რეგიონის ციფრულ ჰაბად. თქვენი აზრით, რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ იქცეს ციფრულ ჰაბად?

– ეს არის ის უდიდესი შანსი, რომელიც საქართველოს ნამდვილად გააჩნია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თანამედროვე მსოფლიოში,  ინტერნეტსა და ტექნოლოგიებს უდიდესი ადგილი უკავია, შესაბამისად რეგიონის ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ცნობილია, რომ აზიის ქვეყნები ევროპულ ინტერნეტზე წვდომისთვის სხვადასხვა ალტერნატივას განიხილავენ, სადაც ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია საქართველოს უკავია. ერთი მხრივ, ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროექტის გახორცილებისთვის შავ ზღვაში არსებული სწორედ ის კაბელია საჭირო, რომელსაც „კავკასუს ონლაინი“ ფლობს. შესაბამისად, თუკი არ დასრულდა კომუნიკაციების კომისიის მიერ „კავკასუს ონლანის“ მიმართ არსებული დავა, ციფრულ ჰაბად ქცევაზე საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და საქართველომ რეალურად დაიწყოს ზრუნვა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაზე. სხვა შემთხვევაში, თუკი დღეს კახა ბექაური აცხადებს რომ უკვე სამი წელია ამ პროექტზე მუშაობს, კიდევ 30 წელი მოუწევს მასზე მუშაობა და თან უშედეგოდ.

Comments
Loading...