თურნავა: შევქმნით მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს  ჯანმრთელობის დედაქალაქი

5

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის, რომელსაც წყალტუბოს აღორძინებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიაც.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი,  ვერც ერთი ცალკე აღებული ინვესტორი ვერ აიღებს მხოლოდ თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი, პირველ რიგში კი სახელმწიფოს საზრუნავი“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს. შეხვედრაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენს მიერ შეიქმნება და დამუშავდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია და ამ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა რეალურად, წყალტუბო გხდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში“ – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, კურორტის ერთ-ერთი უპირატესობა არის სამკურნალო წყალი, თუმცა  წყალტუბოს გააჩნია ბევრი სხვა უპირატესობაც – მათ შორის ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ, თუმცა, სამკურნალო წყალი არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში. „სწორი მართვის და მარკეტინგის პირობებში წყალტუბოს სამკურნალო წყალი გახდება კურორტის ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს ახალ დამსვენებელს, ახალ ტურისტებს.  აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი, სწორი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება კერძო ინვესტორისთვის ხელმისაწვდომი ეს რესურსი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი  წყალტუბოს კურორტის  სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Comments
Loading...