თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

9

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, რომელშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად გადაეცემა“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რაზეც მთავრობის მხარდაჭერა მიიღო.

„627 ოჯახს ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ იმ ბინებს, სადაც ისინი დღეს არიან განთავსებული და დავუმკვიდრებთ სახელმწიფო საკუთრებაში დღეს არსებულ ამ ქონებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, 627 ოჯახს გადაეცემა 665 უძრავი ნივთი (ზოგიერთ ოჯახს ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცემა დამხმარე ფართებიც.

გადასაცემი ქონება მდებარეობს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: თბილისი (გლდანი, თემქა, საბურთალო, სამგორი, ვარკეთილი, წყნეთი), ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ახალციხე, ბორჯომი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი და ჩხოროწყუ.

Comments
Loading...