თურნავა: ბრაზილიასთან და გერმანიასთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს დასაქმების საშუალებას მისცემს

5

„ქართველი მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჩვენი მთავარი ინტერესი და პრინციპული საკითხია, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვამახვილებთ ყურადღებას“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა IMO-ს გენერალურ დირექტორთან კიტაკ ლიმთან.

„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადნი არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

მისივე თქმით, ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს გერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„დასაქმება, მათ შორის მეზღვაურების, ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრიორიტეტია“, – დასძინა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...