თურნავა: აბასთუმნის ცაზე 8 კილომეტრიან ზოლში შიდა ფრენები დროებით შეიზღუდა

8

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება.

მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების არის ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, მაღალი ხარისხით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება, ასე ვთქვათ საჰაერო მარშრუტების.

აქ არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე, დროებითი შეზღუდვის 8 კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმგვარად რომ არცერთი თეთრი არ იკარგება და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რა საკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი.

ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც არის გარკვეული გარემოებები, ასეთი მცირე დროებითი ზომები დაწესდეს.

მე მაგალითად გეტყვით, იგივე კახეთში როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობ-ტერმინალის თავზე წესდება დროდადრო, ასე რომ განსაკუთრებული აქ არ არის არაფერი, მთავარი არის ჩვენთვის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია, განვითარდეს” – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...