თბილისში მაკდონალდსის ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

58

 

„მაკდონალდს საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – კომპანიამ თბილისში ორი ახალი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე  უმასპინძლებს.

რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩი კერი დეგნანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და „მაკდონალდს საქართველოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში „მაკდონალდსის“ მე-17 და მე-18 რესტორნები გაიხსნა. მაქვს შეგრძნება, რომ ამერიკაში ვიმყოფები- ეს არის ქართულ-ამერიკული საქმიანობის შერწყმა.“- განაცხადა ამერიკის ელჩმა კერი დეგნანმა.

„სასიხარულო ღონისძიებაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიცია პანდემიის პირობებში. მაკდონალდსი ჩვენთვის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა.“- განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით  ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში.

  • აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსის“ მიერ 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი თანხა 19 985 000 ლარს შეადგენს;
  • მიმდინარე წელს კომპანიამ ბიუჯეტში 5 750 000 ლარი  შეიტანა.
  • 2020 წელს ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელდა 12 500 000 ლარის ინვესტიცია;
  • 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 000 000 ლარი იყო.

2021 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს ორი მასშტაბური პროექტი:

  • პურ-ფუნთუშეულის საწარმო – 23 375 000 ლარის ინვესტიცია
  • „მაკდონალდს საქართველოს“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრი – 9 000 000 ლარის ინვესტიცია

„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი „მაკკაფეც“, რომელიც პრემიუმ ყავისა და დესერტების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აგრეთვე ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი.

თითოეული რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შშმ პირებზე.

ახალი რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მათ კონსტრუქციაზე მუშაობდა თავის სფეროში ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა ავსტრალიური „Juicy Design” (ინტერიერის დიზაინი), შვეიცარიული „Franke“ (სამზარეულო), ავსტრიული „Schloffer” (შიდა ავეჯი), ფრანგული „Aubrilam“ (ტერასის ავეჯი)…

„მაკდონალდსი“ მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ახალი რესტორნების გახსნაში. პირველ რიგში „თიბისი ბანკს“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ეს ორი საინვესტიციო პროექტი; ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის.

მადლობა სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც უმოკლეს ვადებში დაასრულეს მუშაობა: კახეთის გზატკეცილზე მდებარე ფილიალის მშენებლობა უკავშირდება კომპანია „მეტტას“, ხოლო აღმაშენებლის ხეივნის რესტორნის მშენებელი კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენია“; ორივე რესტორნის შიდა რემონტზე მუშაობდა კომპანია „მანჯა“.

მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 ობიექტს მოიცავს.

 

Comments
Loading...