თბილისი სამოგზაურო პორტალ Tripadvisor-ის საუკეთესო მიმართულებებს შორის მოხვდა

507

Tripadvisor -მა 2016 წელი შეაჯამა და დაასახელა როგორც მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებები, ასევე, სასტუმროები, მუზეუმები და რესტორნები. საქართველო იმ მიმართულებებს შორის მოხვდა, რომელზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ათეულში თბილისი მეცხრე პოზიციას იკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პირველ ადგილზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის არის მექსიკა, მეორეზე კოლუმბია, მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს. მეოთხე ადგილზე რეიტინგში ჰავაი მოხვდა, შემდეგ ადგილებს კი აზერბაიჯანი, ფილიპინები, ისარელი და ესპანეთი იკავებენ. სიას ინდოეთი ასრულებს.

სამოგზაურო პორტალი Tripadvisor მსგავს სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ „Tripadvisor“-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია ჩაატარა.

კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავდა: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები 6 თვის განმავლობაში, ათივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანმა იხილა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, სარეკლამო კამპანიამ ხელს შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებით ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

TripAdvisor-ს ყოველთვიურად 340 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტმომხმარებელს პორტალზე 350 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვს დატოვებული. TripAdvisor-ზე 6.5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი.

Comments
Loading...