თბილისის გენგეგმის ძირითადი გეგმარებითი პოზიციების შეფასება სპეციალისტების მიერ (წერილი პირველი)

34

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკაზე (დანართი N1)დატანილი  ტექსტი – თბილისი კომპაქტური ქალაქი –  გვამცნობს:

„კომპაქტური ქალაქის “ კონცეფცია არის მიწათსარგებლობის მრავალგანზომილებიანი მიდგომა.ის წარმოადგენს განვითარების ისეთ პოლიტიკას, რომელიც ერთის მხრივ, იცავს ბუნებრივ გარემოს და, მეორეს მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

კონცეფცია ძირითადად გამოხატულია სამი ქალაქგეგმარებითი მიდგომით: ქალაქის ურბანული კონტურის დაცვა, პოლიცენტრული განვითარება და შიდასაქალაქო დეგრადირებული სივრცეების კონვერსია.

მიდგომის მიზანია შექმნას ადამიანზე მორგებული, მრავალფუნქციური, მაღალი სიმჭიდროვის და სოციალური ინტერაქციების წამახალისებელი სივრცეები, ე.წ. მოკლე გადარბენების მეთოდის დანერგვით.

გენგეგმის ძირითადი მიდგომები ითვალისწინებს კომპაქტური ქალაქის მოდელის მიხედვით განვითარებას 2030 წლის თბილისისთვის. ის განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც თბილისმა უნდა განახორციელოს მომავალი 15 წლის მანძილზე  (ამონარიდების დასასრული).    

                                                                        ***

შესაბამისად, მგგ-ს დამუშავებას  დასახლებათა  დაგეგმვა-დაგეგმარების  პრაქტიკაში აპრობირებული,  „კომპაქტური ქალაქის  კონცეფცია“  (მოდელი)  უდევს საფუძვლად. ჩვენს რეალობაში, მიუხედავად მოდელის ძირითადი მახასიათებლების მგგ-ში ერთობ ზედაპირული მოწოდებისა, ეს ორიენტირი(ჯერჯერობით)  მისაღებად ჩავთვალოთ.

მთავარით დავიწყოთ:

„კომპაქტური ქალაქი“ – ურბანული დაგეგმვის და ურბანული  დაგეგმარების კონცეფცია (…is an urban planning and urban design concept).  

ჯეინ ჯეკობსის წიგნი „ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“  (The Death and Life of Great American Cities by Jane Jacobs,1961)   კომპაქტური ქალაქის იდეის ერთ-ერთ პირველწყაროდაა მიჩნეული.  მისი  კრიტიკის ობიექტი იმ დროისთვის პოპულარული,  ქალაქი-ბაღების ურბანული კონცეფცია  გახლდათ. ამ ტიპის დასახლებებისთვის  დამახასიათებელი,  მოსახლეობის დაბალი კონცენტრაციის საპირისპიროდ  ჯეკობსი  საცხოვრებელი უბნების  მაღალ  სიმჭიდროვეს  მათი სიცოცხლისუნარიანობის,  „ქალაქურობის“  აუცილებელ  პირობად მიიჩნევს.  ამ  მოსაზრების გასამყარებლად წიგნის ერთ-ერთ (11) თავში – „კონცენტრაციის საჭიროება“,  იგი მანჰატანის  რაიონის – გრინვიჩ ვილიჯის  (Greenwich Village)  სიმჭიდროვეზე  (აკრზე 125 – 200 ბინა) საუბრობს, რაც ჰექტარზე მინიმუმ 310 ბინას, ანუ დაახლოებით 600 მცხოვრებს შეესაბამება. ჯეკობსის აზრით, ბინების აღნიშნული რაოდენობა აუცილებელია ქალაქის განახლებისთვის საჭირო მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად.კონცეფციას ურბანისტთა დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. 1973 წელს, მათემატიკოსების ჯორჯ დანცინგის და თომას საათის (Georg Dantzing, Thomas L. Saaty)  მიერ  შემოღებულმა  ტერმინმა  – „კომპაქტური ქალაქი ან  მოკლე მანძილების ქალაქი“ (Compact city or city of short distances), პროფესიულ საზოგადოებაში  (და არა მხოლოდ) და პუბლიკაციებში  მყარად მოიკიდა ფეხი…

                                                                         ***

მაღალი საცხოვრებელი სტანდარტების მქონე დიდი ქალაქებიდან  სამი – ბარსელონა, პარიზი და ნიუ-იორკი – მოსახლეობის ინტენსივობის მახასიათებლებით კომპაქტური ქალაქების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუ ნიუ-იორკს (1898 წლამდე სტატუსით) მანჰატანით წარმოვადგენთ, პარიზს კი ბულონისა და ვენსენის ტყეების გარეშე (1929),  განხილვას ქალაქების ურბანული, განაშენიანებული  ტერიტორიები  დაექვემდებარებიან. თბილისის ურბანულ ნაწილთან  მათი  შედარება  მსგავსი სიდიდეებით მოხდება. ამგვარი მოდელირება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა სირთულეების,  მასშტაბების, გეგმარებითი და  სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტაა აუცილებელი  დასახული მიზნის (თბილისის კომპაქტურ ქალაქად გადაქცევის) თუნდაც ნაწილობრივ მისაღწევად. მაშ ასე:

როგორც ცხრილებიდან ჩანს,  თბილისის ურბანული ნაწილის სიმჭიდროვე ბარსელონას ანალოგიურ მაჩვენებელს 2,5-ჯერ, პარიზისას 3,9-ჯერ, მანჰატანისას კი 4,5-ჯერ ჩამორჩება (გაერო-ჰაბიტატის სტრატეგიის 5 პრინციპის თანახმად, იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ქალაქების „განფენას“, მათი სიმჭიდროვე მინიმუმ 150 მცხ./ჰა-ზე უნდა იყოს).  ცალკეული რაიონების მიხედვით ეს სხვაობა უფრო თვალსაჩინოა. პარიზის სიმჭიდროვე თბილისის ტოლი რომ ყოფილიყო, მას 338,9 კმ2 ტერიტორია დაჭირდებოდა  და ის სხვა პარიზი იქნებოდა. მაგრამ ამ აბზაცში მთავარი ეს არ გახლავთ. მთავარი  ის ხილული თუ უხილავი პრობლემებია, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნიან თბილისს, გახდეს  კომპაქტური ქალაქი (?). ზემოთ მოყვანილი სიმჭიდროვის მონაცემები არაა  მხოლოდ სტატისტიკა. ეს ფაქტია, ჯიუტი ფაქტი. მიზანი კი თამასას ჰგავს, მეტად მაღალ ნიშნულზე გაჭიმულ თამასას, რომელიც გვინდა რომ  დავძლიოთ.  ეს ისე, რომ გავაცნობიეროთ, რასთან გვაქვს საქმე…

მსოფლიო მასშტაბით კომპაქტური ქალაქების კვლევები  გვაჩვენებენ, რომ   კონცეფციის  რეალიზაციით მიღებული რეზულტატები რიგ შემთხვებში არ არის დამაკმაყოფილებელი. რისკის შესამცირებლად დაგეგმვის პროცესში  მოდელის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების გათვალისწინებაა  აუცილებელი:

”კომპაქტური ქალაქების უპირატესობა მათ მდგრად განვითარებაში უნდა იყოს. მაგრამ თანამედროვე კვლევები გვიჩვენებენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი (ამგვარი განვითარებები) არც თუ ისე მწვანეა, როგორც გვპირდებოდნენ“ (…that these developments are not as green as promised). პატრიკ რერატის (Patrick Rerat, University of Neuchatel, Switzerland) კვლევაში კრიტიკა კომპაქტური ქალაქის მოდელის სამ პოზიციას ეხება:  

  1. რიგ შემთხვევებში მოთხოვნების და შეთავაზებების გათანაბრება შეუძლებელია.  ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული რესურსების გამო ყველა ვერ მოხვდება სასურველ კომფორტულ სივრცეში.  ასევე, მაღალი (დადგენილი) სიმჭიდროვის პირობებშიმოსახლეობის მოთხოვნა და მოლოდინი  კონფიდენციალობის, მეტი პირადი სივრცის მიმართ რთულად მისაღწევი ხდება.
  1. ცხოვრების სასურველი, მაღალი ხარისხის დამკვიდრებასთან ერთად მისი ღირებულებაც იზრდება. შედეგად ხდება დაბალშემოსავლიანი ოჯახების გადაადგილება პერიფერიებისკენ. ეს თავის მხრივ იწვევს ქალაქების ტერიტორიების, და შესაბამისად სამუშაო ადგილზე მისასვლელი დროის ზრდას. ყოველივე უარყოფითად აისახება ოჯახების კეთილდღეობასა თუ ცხოვრების ხარისხზე.
  1. მნიშვნელოვანია მისი (კომპაქტური ქალაქის მოდელის) გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე ზრდის ნარჩენებს და ჰაერის დაბინძურებას. ყოველივეს საზოგადოების (ყურადღების) დიდი კონცენტრაცია და კონტროლის ძვირადღირებული მექანიზმი ესაჭიროება.

ჯუდით ვესტერინკ  (Judith Westerink,Wageningen University) თავის პუბლიკაციებში ასკვნის, რომ კომპაქტური ქალაქები უფრო წარმატებულად, ეფექტურად მოიხმარენ მიწას (ტერიტორიას), აქვთ მიწათსარგებლობის უფრო მოქნილი სქემები.   კომპაქტურობის ნაკლოვანებებს კი განეკუთვნება სტიქიური მოვლენების მიმართ გაზრდილი მოწყვლადობა, პირადი სივრცის ნაკლებობა,  საცხოვრებელ ტერიტორიებზე  ნაკლები  მწვანე ნარგავები და გარემოზე მეტი ზეგავლენა სიმჭიდროვის გამო. ეს სისუსტეები კომპაქტურ ქალაქებს ნაკლებად მდგრადებად აქცევენ და საჭიროებენ პროექტირების (პროექტების)  გაუმჯობესების აუცილებლობას…

საქალაქო რაიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდას მოჰყვება ავტომობილების გამოყენების ერთ მცხოვრებზე შემცირების ტენდენცია, მაგრამ ამ მოვლენას სუსტი ეფექტი ახლავს – მოსახლეობის სიმჭიდროვის ორჯერ გაზრდა ავტომობილის მოხმარების სიხშირეს ორჯერ არ შეამცირებს (სამაგიეროდ გაზრდის მათ კონცენტრაციას). დასტურად, პორტლენდმა სიმჭიდროვე 1990-2000 წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ ამან გადაზიდვების და საცობების ზრდას ვერ უშველა. სკოთ ბეიერ(Skott Beyer, Portland’s urban grouth boundary). 

ამ და სხვა დასკვნების გავლენით ჩამოყალიბდა ე.წ. ინტენსიფიკაციის პარადოქსი, რომელიც ამბობს: “სხვა, თანაბარ პირობებში, ქალაქი, რომელიც გაზრდის მოსახლეობის სიმჭიდროვეს,  ერთ მოსახლეზე  ავტომობილების მოხმარების შემცირებამდე მიგვიყვანს, და ამას ექნება  უპირატესობა გლობალურ გარემოზე… მაგრამ ეს გააუარესებს ადგილობრივ გარემოს (სადაც ეს ხდება).”   სტივ მელია (Steve Melia, university of the West of England).

გაერო-ჰაბიტატის სტრატეგიული პრინციპების შესაბამისად:  მცხოვრებთა მაღალი კონცენტრაცია გულისხმობს განაშენიანების მაღალ სიმჭიდროვეს.  შედეგად  ჩვენ  საცხოვრებლის, კომერციული ინფრასტრუქტურის, სხვა ობიექტების   ქალაქის ტერიტორიებზე ეფექტურ განთავსებასთან გვაქვს საქმე.მეტი გამჭიდროვება საშუალებას იძლევა მკაფიოდ გავმიჯნოთ ბუნებრივი და ურბანიზებული ტერიტორიები. ამავდროულად თანაბარი   სიმჭიდროვის მქონე განაშენიანების  ზონებს შესაძლოა სრულიად განსხვავებული  (რიგ შემთხვევებში არც თუ სახარბიელო. – ავტ. შენიშვნა) სივრცით-მოცულობითი მახასიათებლები ჰქონდეთ. სწორედ ეს უკანასკნელნი განსაზღვრავენ მომხმარებელთათვის საქალაქო გარემოს კომფორტულობას…   ჩამოთვლილი სუსტი მხარეები კომპაქტურ ქალაქებს ნაკლებად მდგრადებად აქცევენ. გამოსავალი პროექტირების (პროექტების)  გაუმჯობესებაშია.

ყოველივედან ირკვევა, რომ კომპაქტური ქალაქის მოდელისკენ გადადგმული ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაბიჯი პირველ რიგში გეგმარებით გადაწყვეტებს  უნდა ეფუძნებოდეს. და როცა საქმე  საცხოვრებლის, კომერციული ინფრასტრუქტურის, სხვა ობიექტების ქალაქის ტერიტორიებზე ეფექტური დისლოკაციის განსაზღვრას  ეხება, ეს ყველაფერი  სწორი დაგეგმვით და რაციონალურიდაგეგმარებით, ანუ პროექტირებით  მიიღწევა. მსგავსი ქმედების შესრულება მიწათსარგებლობის, ქალაქგანვითარების, მასტერპლანის (რაც სიტყვასიტყვით გენერალურ გეგმას ნიშნავს) თუ რომელიმე სხვა დასახელების, მაგრამ იდენტური შინაარსის და ფორმის ყველა ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს მოეთხოება. სამწუხაროდ, წინამდებარე მგგ-ს ფორმატში მსგავსი (გეგმარებითი)  გადაწყვეტების მოძიება შეუძლებელია.

…მოგვიანებით, „კომპაქტური ქალაქების“  კონცეფციის მრავალ პრინციპულ შემადგენელს 1987 წელს დამკვიდრებული ტერმინი და თითქმის ყოვლისმომცველი თეორია „ქალაქების მდგრადი განვითარება“     შეავსებს.

***

13.11.2017 წელს ქალაქის მერიაში შესათანხმებლად წარდგენილ გენგეგმას დავუბრუნდეთ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ორხევის დასახლებას, კახეთის გზატკეცილს, სოფლების დიდ ლილოსა და ნასაგურს შორის მოქცეული, სარწყავი არხის სიახლოვეს მდებარე ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ფართობი – 875 ჰექტარი, მთლიანად ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ზონის 30%. სწორედ ასეთი ნაყოფიერი მიწების მისაღებად აშენდა სამგორის საირიგაციო სისტემა და შეიქმნა თბილისის წყალსაცავი. ტერიტორია, რომელიც 2,5-ჯერ აღემატება გლდანის, და 2,6-ჯერ ვარკეთილის საცხოვრებელი რაიონების განაშენიანებულ ტერიტორიებს, მგგ-ს ძირითად რუკაზე მონიშნული იყო როგორც: „შემდეგი დონის ქალაქგეგმარებითი პროექტის არეალი /დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა“. კომპაქტურობის და ჯეკობსისებური „კონცენტრაციის საჭიროების“ პრინციპების შესაბამისად აქ დაახლოებით 400 ათასი ადამიანი დასახლდებოდა, გვექნებოდა ერთი დიდი, კომპაქტური რაიონი და ერთიც ასევე დიდი, ყველა პარამეტრით არაკომპაქტური, ათეული წლების პერსპექტივით რაიმე მოსალოდნელ კომპაქტურობას აცდენილი ქალაქი.

გადაწყვეტა ეწინაამღდეგებოდა როგორც წარმოდგენილი მგგ-ს ძირითად პრიორიტეტს – კომპაქტური ქალაქის კონცეფციას და „ქალაქის ურბანული კონტურის დაცვას“ (მგგ-ს განმარტებითი ბარათი), ასევე საქართველოს კანონს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (შემდგომ კანონი), სადაც მ.5 / პ.ბ გვამცნობს: …დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას; 


***

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ მომავალში რა შედეგის მოტანა შეეძლო ამ ქმედებას  დედაქალაქისთვის. უნდა ითქვას, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების და არქიტექტურის  სამსახურის ახალგაზრდა სპეციალისტების პრინციპულობამ  ქალაქს ეს „ღვთის რისხვა“ თავს აღარ დაატეხა. ქალაქის სწორ განვითარებასთან არათავსებადი ეს წინადადება მერიის მიერ  მგგ-დან ამოღებულ იქნა.

თბილისის თანამედროვე ურბანული რეალობა მისი სიმჭიდროვის მაჩვენებელთან ერთად  იმის დადასტურებაა, თუ რაოდენ უყაირათოდაა ათვისებული დედაქალაქის ტერიტორიები. თეორიულად კონცეფციის შესაბამის,  კომპაქტური ქალაქის სიმჭიდროვის განსაზღვრულ, მინიმალურ  ნორმასთან მიახლოება  ქალაქის მოსახლეობის 2,5-ჯერ მატებას გულისხმობს. თბილისის მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზირებული სტაგნაციის ფონზე 2030 წლამდე ასეთი ზრდა არარეალური, და რაც მთავრია,არასასურველია.

კანონის განმარტებით:

მუხლი 2, პუნქტი მ. – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) ძირითად პარამეტრებს,  კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით – ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ ასპექტებს.

იგივე მუხლი 2, პ. ნ  გვამცნობს:  …განაშენიანების რეგულირების გეგმა  (გრგ)   აზუსტებს  მგგ-თ განსაზღვრულ ძირითად პარამეტრებს და ა.შ. ანუ, გენგეგმით გათვალისწინებული,  გეგმარებითი სამუშაოების შესრულების შედეგად  განსაზღვრული პარამეტრების   დაზუსტება-დასრულება განაშენიანების რეგულირების გეგმის პირდაპირი ფუნქციაა. თუ სამუშაოები ამ  თანმიმდევრობით არ  წარიმართა, გრგ  ვერ „იმუშავებს“.  დასაზუსტებელი  არაფერი  ექნება.

ამ დადგენილი თანმიმდევრობის დაცვა მგგ-ში წარმოდგენილი მასალით  ვერ ხერხდება.

მუხლი 2, პ.მ-ში  ჩამოთვლილი:   „განსაზღვრული პარამეტრებიდან, პირობებიდან, განვითარების სივრცითი თუ განსახლების ტერიტორიული ასპექტებიდან“ არცერთი (ან თითქმის არცერთი) პოზიციის გრაფიკული (გეგმარებითი) ასახვა არ გვხვდება განხილულ დოკუმენტში. ამის თქმის საფუძველს წერილის თავში ხსენებული,  „დედაქალაქის მგგ-ს გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი N1)“ , ანუ გენგეგმის ძირითადი ნახაზი გვაძლევს.  რუკაზე  არ არის ნაჩვენები თბილისისთვის მგგ-თ განსაზღვრული, თუნდაც ისეთი ძირეული ურბანული მეტამორფოზის გეგმარებითი გადაწყვეტის გზები, როგორიცაა მისი კომპაქტურ ქალაქად  გარდაქმნის მცდელობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ კომპაქტური ქალაქის კონცეფციის ძირითადი პოსტულატების თბილისზე  მექანიკურად გადმოტანა, ისევე  როგორც  მხოლოდ დეკლარირება, რაიმე რეალურ შედეგს ვერ მოგვიტანს. ცხადია, როგორც ნებისმიერ, განსხვავებული ტიპის ურბანული განვითარების მოდელს, მასაც მრავალი წინაამღდეგობრივი მომენტი გააჩნია. თბილისზე მისი მორგების მთავარ,  დიდიალბათობით  გადაულახავ დაბრკოლებას კი (გარდა ამ წინაამღდეგობებისა) თავად თბილისი წარმოადგენს. 

ყოველივეს ლოგიკური ფინალი არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება: კომპაქტური ქალაქის კონცეფციისსიღრმისეული შესწავლა-ანალიზის, დაგეგმვა-დაგეგმარების განხორციელების გაცხადებული მეთოდის გარეშე,  მისი მგგ-ში ასე ხაზგასმულად წინა პლანზე წამოწევა დედაქალაქის ურბანულ სტრუქტურაზე ამმოდელის რაიმე სასიკეთო  ზემოქმედებას გამორიცხავს. გენგეგმის ტექსტში არდაფიქსირებულ, მაგრამ წერილის გენგეგმისეული პროლოგის შინაარსის და პათოსის  შესატყვის ფრაზას: „გადავაქციოთ თბილისი კომპაქტურ ქალაქად“, რეალურობას მოკლებულ, სურვილების სფეროში გადავყავართ…

                                                                             ***

რაც შეეხება „პოლიცენტრულ არეალებს“.

მგგ-ში რამდენიმე ადგილას დატანილი  „პოლიცენტრული არეალის საზღვარი / ქალაქის პრიორიტეტული განვითარების არეალი“, გასული საუკუნის 70-ანი წლების „ქალაქის ახალი საცხოვრებელი  რაიონების ქვეცენტრების“   ქალაქთმშენებლობითი  დაგეგმვის პრაქტიკის თუ იდეოლოგიის (გნებავთ დისლოკაციის) ნაწილობრივი გამეორებაა. ქ.თბილისის მგგ-ს საპროექტო მომახურეობა (ტომი 4მიწათსარგებლობა და საპროექტო გადაწყვეტები გვ.105, ხსენებულ“პოლიცენტრებზე“  შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:

…ასეთი ცენტრები ჩვენს მიერ განისაზღვრა 5 ქალაქგეგმარებით სივრცეში (იხ.სქემა) და ისინი განთავსებული არიან 18-დან 60 ჰა-მდე ტერიტორიებზე. ამ სიბრტყეებზე უნდა დაგეგმარდეს: რეკრეაციული, სპორტული, კულტურის, საოფისე, აგრარული, სავაჭრო, სასტუმრო, სამედიცინო და სხვა სახის ობიექტები. დადგენილია პოლიცენტრული არეალების საპროექტო კონტურები და მათზე უნდა დაგეგმარდეს გრგ (იხ. მგგ განხორციელების ეტაპები – ტომი 6 ). ეს ტერიტორიები ფუნქციური ზონების რუკაზე მონიშნულია სსზ სახით (ოქროსფერი კონტურით).“ …ამონარიდის დასასრული.  სტილი დაცულია.

ხსენებულ კონტექსტში ტერმინი „პოლიცენტრული არეალი“ მთლად ზუსტად ვერ არის გამოყენებული. რამდენიმე ცენტრის მომცველ ურბანულ სისტემაში თითოეულ ასეთ  გეგმარებით ელემენტს ქვეცენტრის სტატუსი უფრო შეეფერება. მათი კონფიგურაციაც  არადამაჯერებელია – ვერ ჯდება თბილისის, როგორც ქალაქის, ასევე მისი ცენტრის, როგორც ასეთის, განვითარების გენეზისში. მგგ-ში არ არის ახსნილი (ნაჩვენები), თუ რით განსხვავდება ჰიპოთეტური „პოლიცენტრული არეალი“  მაგალითად, გლდანის საცხოვრებელი რაიონის ქვეცენტრისგან, რომლის სიმძლავრე, მრავალფეროვნება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა მის სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. ან რა პრინციპული სხვაობაა დღემდე ჩამოუყალიბებელ  „დიდი დიღმის გეგმარებითი რაიონის ცენტრს“ და ახალ, „ქალაქის პრიორიტეტული განვითარების არეალს“  შორის.  დაინტერესებულთ კიდევ ერთხელ გეტყვით, ძირითად რუკაზე ვერანაირ  გეგმარებით გადაწყვეტებს ვერ შეამჩნევთ. ვერ შეამჩნევთ იმ მიზეზით, რომ მგგ-ს ეს  მთავარი შემადგენელი დიდწილად უფლებრივი ზონირების რუკას წარმოადგენს. სხვა  გრაფიკული ინფორმაცია იქ ნაკლებად მოიპოვება.

აქ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ შემდეგ გარემოებას:    ქალაქის გენერალური გეგმა მრავალმხრივი, კომპლექსური დოკუმენტია და მისი ერთ-ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს მის (ქალაქის) მდგრად განვითარებას. კანონით(თავი IV. მუხლი 23, პ.3.): „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული მართვა ხორციელდება … მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით:  ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა;  ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა“…  და ა.შ…ასევე კანონისგანმარტებით (.2, .ო): „უფლებრივი ზონირება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისთვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა“  გახლავთ.  აღნიშნული პირობების  დადგენასა  და  მგგ-თ  გადასაწყვეტ,ძირითადი გეგმარებითი პარამეტრების, სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო, სოციალური  ინფრასტრუქტურის, განსახლების ტერიტორიალური  საკითხების განსაზღვრასშორის ტოლობის ნიშანი არ და ვერ დაისმება.  უფლებრივი  ზონირების  „უფლებამოსილება“ კი მხოლოდკანონით განმარტებული  კომპეტენციის  ფარგლებში  ვრცელდება.

…და მხოლოდ   „იმ შემთხვევაში,  თუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, ქალაქთმშენებლობითი პროცესი შეიძლება დარეგულირდეს უფლებრივი ზონირების რუკებით (უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი რუკები)“ (საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, მ.28, პ.6.). ეს შემთხვევა აქ არ განიხილება.

„პოლიცენტრულ  არეალებზე“  საუბარს შემდეგ წერილში გავაგრძელებთ.

                                                                              ***

ზემოთ ხსენებული ავტორი ჯეინ ჯეკობსი, მის მომდევნო წინგში „ქალაქების ეკონომიკა“ (The Economy of Cities, by Jane Jacobs,1969.), იმპორტის ჩანაცვლების პრინციპს  განიხილავს,  როგორც ეკონომიკურიპოლიტიკის გატარების პირველ  ეტაპს.  იგი ამბობს, რომ განსახორციელებელია:

კერძო და სახელმწიფო სექტორების ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, შედეგად ადგილობრივი საწარმოების  ამუშავება, განვითარება, ახალი უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოების, სასაწყობო მეურნეობების მიერ დაკავებული ვრცელი ტერიტორიების (ზონების) გადაგეგმარება მდგრადი, კომპაქტური ქალაქების გეგმარებითი სტანდარტების შესაბამისად.

ფინანსური  განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფ ქვეყნებისთვის, რომელთაც ძვირი უჯდებათ ყველა სახის იმპორტული პროდუქციის შეძენა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმპორტის ჩანაცვლებისაქტიური პოლიტიკის გატარება.     

ტერმინი „თვითკმარი“  გულისხმობს, რომ ქალაქში არის ყველაფერი, რაც ადამიანს ესაჭიროება ყოველდღიურობაში. ამაში შედის: მაღაზიები, დამსაქმებლები, ფოსტა, მომსახურეობის სერვისი, მრეწველობა, ნარჩენების მოცილება და გადამუშავება, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

ტერმინი „სიახლოვე“  გულისხმობს, თუ რამდენად ახლოსაა ადამიანთა საცხოვრებელთან  ყველა ჩამოთვლილი  სიკეთე. ეს პოზიცია კი  შესაბამის საპროექტო გადაწყვეტებს  მოითხოვს.

ჯეკობსის დღესაც სრულიად აქტუალური ამ ნაშრომის შემდგომი ანალიზი გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკის როლი ქალაქგეგმარებით პროექტირებაში.   გავიხსენოთ, რომ მთავარ ქალაქთწარმომქნელ ფაქტორებს  ცივილიზაციის დასაბამიდან თავდაცვა და ვაჭრობა  წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში მეორე შემადგენელმა პოზიციები მნიშვნელოვნად  „გაიმყარა და გაიფართოვა“.სახელიც შეიცვალა და დღეს ქალაქის ეკონომიკად  იწოდება. აქედან გამომდინარე, ყველა მის სეგმენტთან შეხება დიდი სიფრთხილით, მათი სამომავლო გამოყენების არგუმენტირებული დასაბუთებით   უნდა მოხდეს.  მხედველობაში გვაქვს როგორც  ფუნქციაშეჩერებული საწარმოების თუ სასაწყობო მეურნეობების, მათი ტერიტორიების, ასევე ფუნქციაშეუჩერებელი რკინიგზისბრაუნფილდების კატეგორიაში გადაყვანა-კონსერვაციის  მგგ-თ  გაცხადებული პროცესი.

                                                                                ***

უნდა აღინიშნოს ნაშრომის  როგორც საწყისი ინფორმაციის, ასევე  მოწოდებული საკვლევ-ანალიტიკური მასალის კარგი ხარისხი.  ცხადია, პროექტში (ძირითად  ჯგუფში) მაღალი რანგის სპეციალისტების, ბატონების: იოსებ სალუქვაძის (საზოგადოებრივი გეოგრაფია, ეკონომიკა), გია შაიშმელაშვილის(ქალაქთმშენებლობის ისტორია,  ევროპული გამოცდილების ანალიზი), გია ჭანიშვილის (ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა), ჭიჭიკო ჯანელიძის (გარემოს დაცვა), მამუკა სალუქვაძის(ურბანეკოლოგია), ნოდარ ელიზბარაშვილის (ლანდშაფტის დიზაინი),  სხვა, მათ შორის მოწვეული ურბანისტების მონაწილეობამ  დიდწილად განაპირობეს მთლიანად პროექტის პირველი ნაწილის (საძიებო-საინფორმაციო და საკვლევ – ანალიტიკური)  მოწოდებული  მასალის მაღალი სტანდარტი.

ისეთი თავები, როგორებიცაა: ბუნებრივი კომპლექსის აღწერა; სოციალურ-დემოგრაფიული ვითარება და პროგნოზი; მომავალი განვითარების პროგნოზი: ეკონომიკა, ქალაქის ისტორიული განვითარება, ქალაქთმშენებლობის განვითარების ეტაპები, საქართველოს განსახლების სქემისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების ანალიზი,  (ტომი I, ზოგადი დებულებები); ასევე:  ტომი IV,  ნაწილი 1 – ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების შეზღუდვები, ყველა 12 თავი;  ნაწილი 2, თავი 4 – თბილისის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი; ნაწილი 3 -თბილისის ისტორიული ზონები: თავი 1 – კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, მათი საზღვრები და რეჟიმები;  ნაწილი 4, ურბანული ეკოლოგია და ლანდშაფტის გეგმარება, ყველა 8 თავი; ნაწილი 6, სოციალური მომსახურების ობიექტების განვითარება; თავი 6 – თბილისი – არსებული მდგომარეობა – სკოლები;  დანართი 3 – თბილისის მტკვრის მარცხენა ნაპირის განაშენიანების მორფოლოგიური კვლევა; … სამომავლოდ კარგ სამსახურს გაუწევენ  თბილისთან  დაკავშირებულ   სამეცნიერო თუ გეგმარებითი  პროფილის  თემატიკაზე მომუშავე სპეციალისტებს.

სამწუხაროდ, მგგ-ს მეორე, შედეგზე ორიენტირებულ, ანუ შედეგის მომტან – გეგმარებითი ნაწილის დამუშავების პროცესში  ხსენებული  საკვლევ-საინფორმაციო მასალა  დიდწილად   ვერ იქნა  გამოყენებული.

დედაქალაქის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ურბანული წარმონაქმნის უმთავრესი გეგმარებით-პოლიტიკური  დოკუმენტი გენერალური გეგმაა.  სწორედ გენერალური გეგმა ქმნის ქალაქის ეფექტური, მდგრადი განვითარებისთვის იმ უალტერნატივო და აბსოლუტურად აუცილებელ კარკასს, რომელზეც უნდა აეწყოს მისი სისტემური საქალაქო სტრუქტურა. ამგვარი დოკუმენტის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, ანუ გავაგრძელებთ იმ გზით სიარულს, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

 

ეს გახლავთ არქიტექტორ პავლე ძინიძიბაძის და თბილისის ქალაქგანვითარების ოპერატიულ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტთა საინტერესო მოსაზრებები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში მოცემული ძირითადი გეგმარებითი პოზიციების შესახებ. წერილები გამოქვეყნდება სამ ნაწილად.

Comments
Loading...