ზურაბ ნოღაიდელი: თუ ქობულია ფიქრობს, რომ რომელიმე ბიუროკრატის მოლაპარაკებების უნარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენცია, დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში

7

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრი ზურაბ ნოღაიდელი, Forbes-თან ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას კრიტიკას, რომელმაც ელექტროენერგიის იმპორტის განმახორციელებელი შუამავალი კომპანიები დაადანაშაულა, რომ მათ ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად, იმპორტის ფასების შემცირება არ სურთ.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა არ არის მომგებიანი და სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებები, შესაძლოა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო. ნოღაიდელი ამას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქობულიას კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილებას აქვს, თუმცა, მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მაინც განაცხადა, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ფასი არა ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ მოლაპარაკებების უნარზეა დამოკიდებული.

“თუ გიორგი ქობულია კვლავაც ფიქრობს, რომ რომელიმე ბიუროკრატის მოლაპარაკებების უნარი უფრო მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის ფასების დადგენაში, ვიდრე საბაზრო პრინციპები და კონკურენცია, მაშინ დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში და იქ იცხოვროს. ეს ერთდროულად არ ხდება”, – განაცხადა ნოღაიდელმა.

როგორც ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, იგი დღეს საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას, ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს გულისხმობს.

Comments
Loading...