ზურაბ ნოღაიდელი: არ შეიძლება ერთდროულად პოლიტიკაში და ბიზნესში ყოფნა

8

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სადაც საუბრობს მის დღევანდელ საქმიანობაზე და აცხადებს, რომ ის სათავეში უდგას ენერგეტიკულ პროექტს, რომლის დანიშნულება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებაა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აღნიშნულ პროექტს კომპანია “ელ გრინი” ახორციელებს.

“ჯგუფი ელ გრინი საერთაშორისო კომპანიაა, კომპანიის აქციონერები ქართველები და უცხოელები არიან. თავად მე აქციონერი არ ვარ, მაგრამ ამ პროექტის, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანი, იდეოლოგიური ხელმძღვანელი ვარ”, – აცხადებს ის.

მისივე განმარტებით, კომპანია “ელ გრინის” ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.

“ადამიანმა უნდა აკეთო ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე. მე ასე მჯერა. არ შეიძლება ერთდროულად რამოდენიმე რამის კეთება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება ერთდროულად პოლიტიკაში და ბიზნესში ყოფნა, ეს შეუძლებელია ჩემი აზრით, ამიტომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ნებისმიერ შემთხვევაში არცერთი ქვეყნის მთავრობიდან, პარტიიდან ამ კომპანიაში წარმომადგენელი არ არის.

საუბარი იყო ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, რომ უჩა მამაცაშვილი არის ამ პროექტში, არ არის ასე და რომ იყოს, რა იქნებოდა აქ დასამალი პირდაპირ ვთქვათ. რა იქნებოდა დასამალი, უჩა მამაცაშვილი რომ იყოს ამ პროექტის თანამონაწილე, ან რაღაცა ფორმით ამ პროექტში რომ მონაწილეობდეს. მე ვფიქრობ, რომ დასამალი არ იქნებოდა…” – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

Comments
Loading...