“ვისოლმა” რუსთაველის თეატრთან ერთად “შობა ტიფლისში” საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

10

“ვისოლმა” სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების და ვეტერანთა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად რუსთაველის თეატრთან ერთად “შობა ტიფლისში” საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ვისოლი” ავრცელებს.

ორგანიზატორები შეეცადნენ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ საზოგადების ყურადღება, საშობაო ჯადოსნური გარემო შეექმნათ.

“მოხარული ვარ საახალწლოდ კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ სოციალურად დაუცველ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და ვეტერანების შვილებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად ჭირდებათ. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მხარდაჭერა. „ვისოლი“ რუსთაველის თეატრთან ერთად უკვე მეოთხე წელია საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ქონიათ შესაძლებლობა ეხილათ სპექტაკლი რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს ეზიარონ მაღალ კულტურას და სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ“, – განაცხადა “ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

ორგანიზაციების “ქვიშის საათის”, “ვორლდ ვიჟენის”, “ბერი ანდრიას ფონდის”, “კარიტასის”, “სოლიდარობის ფონდის”, “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” ბენეფიციარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე სპექტაკლ „შობა ტიფლისში“ მსახიობებმა იზრუნეს. ინსცენირების ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე.

სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებით და ოინებით იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს სრულდებოდა. ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები – სპექტაკლში იხსენებენ წარსულს და აჩვენებენ დღევანდელობასაც.

Comments
Loading...