“ვისოლი” სოციალური საწარმო “ანინას” დახმარებით შშმ ბავშვების მშობლებს დაასაქმებს

12

“ვისოლი” ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო “ანინას” განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს.

ამას გარდა, “ანინას” წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ “სმარტშიც” მიეცემა და დამატებით, “ვისოლის” პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისთვის.

“ანინამ” საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა “სანტას ქუდები”, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები დაეხმარება, რეალობად აქციოს სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. “ვისოლმა” “ანინას” შეკერილი “სანტას ქუდებიც” შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა. “ვისოლი” მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და “სანტას ქუდების” შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. “ვისოლ ჯგუფის” წევრმა კომპანიებმა – ამერიკული რესტორნების ქსელმა “ვენდიმ” და “დანკინმა” “სანტას ქუდები” უკვე შეიძინეს.

სარეაბილიტაციო ცენტრმა “მზის შვილებმა” სოციალური საწარმო “ანინას” დაარსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას არ აქვს სამსახური და შემოსავალი.

“ანინა” არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან “მზის შვილების” ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსდება შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი სხვადასხვა პიქტოგრამა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

Comments
Loading...