ვახტანგ მჭედლიძე: შალვა შავგულიძე გვიმტკიცებდა “ევროპულ საქართველოსთან” შეერთებით გადავრჩებითო, სინამდვილეში კი თავისი გარანტირებული ადგილი უნდოდა

18

„2016 წელს, როდესაც პარტიიდან წავიდა ყველა, სადავეები აიღო შალვა შავგულიძემ, რომელსაც, ერთ დროს, დიდ პატივს ვცემდი. როგორც კი დამთავრდა არჩევნები,  შევიკრიბეთ  ყველა,  გამგეობაში ვიყავით 7 ადამიანი. მე ლაგოდეხში მინდოდა გამეგრძელებინა თვითმართველობაზე მუშაობა, ჩემი კანდიდატურები დამესახელებინა და საკრებულოში შესულიყვნენ ის ბიჭები, ვინც გვერდზე მედგნენ. ბატონმა შალვამ და ქალბატონმა ნინო გოგუაძემ მითხრეს, ჩვენ არ ვართ მზად,  ეს არჩევნები ჩავატაროთო,“ – „თავისუფალი დემოკრატების“ პირველი ნომერი, ვახტანგ მჭედლიძე  „აიპრესთან“ ინტერვიუში პარტიაში მიმდინარე მოვლენებს იხსენებს.

რა მოუვიდა ერთ დროს საკმაოდ წარმატებულ პარტიიას, რატომ დაიშალა „თავისუფალი დემოკრატები“ და რატომ აღმოჩნდნენ ამ პარტიის ლიდერები იმ პარტიაში, რომელთა ლიდერების მიერ გატარებულ პოლიტიკას წლების განმავლობაში დანაშაულებრივს უწოდებდნენ?

ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ ვახტანგ მჭედლიძესთან ინტერვიუში, მანამდე კი გთავაზობთ ამონარიდს, სადაც პარტიის ლიდერი „თავისუფალი დემოკრატების“ დაშლის მიზეზებზე საუბრობს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარტიის პირველი ნომერი ბრძანდებით, საინტერესო იმიტომ რომ ეს პარტია შექმნიდან ძალიან მალევე გახდა საკმაოდ ცნობადი, ძლიერი  და ერთ-ერთი   დასაყრდენი  ძალა „ქართული ოცნების“ კოალიციისთვის. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ როგორც უცებ მოიხვეჭა სახელი ასევე, უცებ დაეცა მისი რეიტინგი.  შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ პარტია „აწყობილი იყო“ ირაკლი ალასანიასა და მის ავტორიტეტზე. მისი წასვლის შემდეგ კი პოპულარობა დაკარგა. მეთანხმებით თუ არა ამაში? და საერთოდ, რა მოხდა ბოლო დროს თქვენს პარტიაში?

ამ პარტიაში, მე თვითონ გავწევრიანდი 2015 წელს, 2016 წელს უკვე მივიღე პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატურაზე შემოთავაზება და ვიყარე კენჭი ლაგოდეხში. პირადად ირაკლი ალასანიას დამსახურებაა, რომ მე პოლიტიკაში ჩავერთე,   როგორც ახალი სახე, გამოუცდელი ბიჭი პოლიტიკაში.

ლაგოდეხიდან ვარ წარმოშობით და ყველაზე ბევრი ხმა ავიღე ლაგოდეხში, ანუ მთელ პარტიაში გავედი პირველ ადგილზე. ჩამოვედი ლაგოდეხიდან და მეორე დღეს, უცებ ვხედავ, რომ  პარტია აღარ არსებობს. ირაკლი ალასანიამ, ყველამ გააკეთა განცხადება, ვინც წამყვანები იყვნენ და დაიშალა პარტია, არ ვიცი რა მოხდა. როგორც პოლიტიკოსს ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკოსები ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, რადგან არის გამოცდილი და უვაჟკაცესი, ნაომარია აქვს აფხაზეთში, მამამისი კი, მამია ალასანია გმირია.

ირაკლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,  თუმცა რაღაცა იმედები გამიმტყუნდა. მაგალითად, ლაგოდეხში იყო ოლქები, სადაც ჩემი ბიულეტენები  საერთოდ არ იყო და ხალხმა ვერ მომცა ხმა. დავურეკე ირაკლის, რაღაცა ზომები რომ მიეღო და მიპასუხ ა- რა ვქნაო. იმ მომენტშივე მენიშნა, რომ რაღაც ისე არ არის, შევატყვე რომ ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდათ. არც სურვილი, ალბათ… მეორე დღესვე გააკეთეს განცხადება და წავიდნენ… ანუ ორჯერ დაიშალა ჩვენი პარტია, ერთხელ – 2016 წელს და მეორედ ახლა, ორი თვის წინ.

დღემდე არ თქმულა ამ პარტიის დაშლის რეალური მიზეზი… ყველასთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის შიდა პროცესები, რაც „თავისუფალ დემოკრატებში“ დაიწყო და შემდეგ, ამ შედეგით დასრულდა.  მოსახლეობის უმეტეს ნაწილს იმიტომ მოსწონდა ეს პარტია, რომ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და ამავდროულად, აკრიტიკებდა „ოცნებას“. უცებ პარტიის ნაწილი იმ პოლიტიკური გუნდის ნაწილო აღმოჩნდა, რომელსაც თავად აკრიტიკებდა – „ევროპული საქართველოს“.

2016 წელს, როდესაც პარტიიდან წავიდა ყველა, სადავეები აიღო შალვა შავგულიძემ, რომელსაც, ერთ დროს, დიდ პატივს ვცემდი. როგორც კი დამთავრდა არჩევნები,  შევიკრიბეთ  ყველა,  გამგეობაში ვიყავით 7 ადამიანი. მე ლაგოდეხში მინდოდა გამეგრძელებინა თვითმართველობაზე მუშაობა, ჩემი კანდიდატურები დამესახელებინა და საკრებულოში შესულიყვნენ ის ბიჭები, ვინც გვერდზე მედგნენ. ბატონმა შალვამ და ქალბატონმა ნინო გოგუაძემ მითხრეს, ჩვენ არ ვართ მზად,  ეს არჩევნები ჩავატაროთო. არადა, არაფერი მზადყოფნა არ გვინდოდა, ჩემი ამომრჩეველი მზად მყავდა და თავისუფლად შემეძლო  ათი კაცი მაინც შემეყვანა, იმიტომ რო 15  თუ 17 % ავიღე. და შემეძლო ეს ხალხი შემეყვანა საკრებულოში. გამომიცხადეს, არ ვართ მზად. მითხრეს – წადი, დაისვენე და  2020-ში გავაგრძელოთ  ბრძოლაო. რა უნდა მექნა, პოლიტიკურად გამოუცდელი  ვიყავი და წამოვედი. დამპირდნენ, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით და გეტყვით რა უნდა გააკეთოო.

გადის დაახლოებით  3 წელი და 6 თვე,  მირეკავენ და მეუბნებიან –  7-ნი ვართ გამგეობაში, სამს უნდა რომ შევუერთდეთ „ევროპულ საქართველოს“ სამს არ უნდა,   რომ შევუერთდეთ და შენზეა გადამწყვეტი ხმაო. ორმა არჩევნებმა ისე გაიარა, რომ საერთოდ არ გავხსენებივარ არავის. შალვა შავგულიძეს  მამა-შვილივით ვუყურებდი, ისეთი სანდო შეხედულება აქვს, არ მეგონა ასეთი პოლიტიკოსი თუ აღმოჩნდებოდა.  პარტია რომ გადარჩეს, უნდა შევუერთდეთ, ისინი ათეულში გვაძლევენ 3 ადგილსო, ანუ მე-2, მე-6 და მე-10 ადგილები იყო ჩვენი „თავისუფალი დემოკრატების“.

რა პრინციპით უნდა გადანაწილებულიყვნენ?

დავინტერესდი როგორ ინაწილებდნენ ამ ადგილებს. ჯერ შევუერთდეთ და ეს მერე გავიაროთო, რაზეც უარი ვუთხარი.  აღარ მინდოდა კიდევ გამოუცდელი პოლიტიკოსის როლი მეთამაშა.  შავგულიძეს  თავისი ეგონა „თავისუფალი დემოკრატები“  და ფიქრობდა, რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა. ამაზე ატყდა განხეთქილება და დატოვეს პარტია, იმიტომ რომ არ იყო თანაბარი ბრძოლა, მარტო თვითონ უნდოდათ ადგილები. სხვათა შორის, მე -18 ადგილი შემომთავაზეს მე, რომელსაც უნდა მომეტანა ყველაზე ბევრი ხმა პარტიისთვის. ერთ სიტყვით, დატოვა პარტია და წავიდა. დღეს არის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე და „ევროპული საქართველოს“  სიაში არის მე-2 ნომრად.

 და რატომ გაგიკვირდათ? ანალოგიურად მოიქცა შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე წინა არჩევნებზეც…

მე მაშინაც გამიკვირდა.. შალვა შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო,  იმ ხალხთან დაიჭირა ურთიერთობა, რომლებსაც ებრძოდა მთელი 9 წელიწადი. მე მაგალითად ოპოზიცია ვარ , როგორც „ნაციონალებისთვის“ ასევე „ოცნებისთვის“, ეს ვერ შევატყვე მას. შალვა შავგულიძეს დაბოღმილი კაცის პოზიცია ჰქონდა და  პირად ემოციებზე არ ავყვები ადამიანს. მე დღესდღეობით ვარ ოპოზიცია და არ დავემსგავსები იმ პოლიტიკოსებს, ვინც 9 წელზე ლაპარაკობენ, მთავარია მომავალზე ფიქრი.

რატომ უნდა ყოფილიყო შალვა შავგულიძე თქვენი აზრით, დაბოღმილი? მას „ოცნებაში“ საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა.

შალვა შავგულიძის მაგივრად ხომ ვერ ვილაპარაკებ? არ ვიცი,  იმიტომ რომ ამ წელების განმავლობაში არ გვქონია ერთმანეთთან ურთიერთობა. ტყუილია ისიც, რაც თქვა, ბევრი ხალხი გადმომყვა რეგიონებიდან „ევროპულ საქართცველოშიო“ . მხოლოდ ერთი ბიჭი გადაყვა, რომელიც იყო მისი ჩამოყვანილი.

ნინო გოგუაძის პოზიციაც ძალიან საინტერესოა, რა არგუმენტები ჰქონდა მას, როდესაც „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთებას უჭერდა მხარს? არ იყო ის  რიგითი ფიგურა პარტიაში.

რაც შეეხება ნინო გოგუაძეს, 2016 წელს ვნახე. არჩევნები რომ დამთავრდა ერთი დღე მქონდა დაახლოებით ურთიერთობა, ამის შემდეგ მე ნინო გოგუაძე დღემდე არ მინახავს და მე დამაბრალეს აქეთ, შენ არ დადიოდიო.  არა და, მაგათ გამომიშვეს, წადი დაისვენე, რომ დაგვჭირდები დაგიძახებთო. ვენდობოდი ორივეს,  ძალიან ვაფასებდი, მაგრამ პოლიტიკა თურმე სხვა რაღაცაა, პოლიტიკაში სიყვარული და ერთგულება ამათთვის არ არსებობს. ჩემთვის, რაც არ უნდა პოლიტიკოსი გავხდე, ეგ არის პრიორიტეტი.

შალვა შავგულიძეს ისეც შევთავაზე,  შენ იყავი პირველი ნომერი პარტიის და დანარჩენები ცალკე ვიყრით კენჭსო, ამაზეც უარი განაცხადა. იქ გარანტირებული ჰქონდა ადგილი, აქ  კი საომარია და ამ ომში კაცები გამოდიან, დანარჩენებს არაფერი არ ესაქმებათ.

მე უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია მოედანზე!“

ახლა რა ხდება პარტიაში, რას აპირებთ?

დავრჩით მე, დევი ტაბიძე (მოგეხსენებათ კოვიდთან ბრძოლაში როგორი ექიმიც არის), თამუნა კეკენაძე და ემზარ კაკულია.  თამუნა არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. ვაპირებთ ბრძოლას, თან ეს ბრძოლა დავიწყეთ ძალიან გვიან, დაახლოებით თვენახევრის წინ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს გაუხარდა, რომ არ შევუერთდით „ევროპულ საქართველოს“  და ჩვენი ძალებით გავაგრძელებთ ბრძოლას. არავინ არ გვაფინანსებს, არ ვართ ჩვენ მდიდარი პარტია, ჩვენი სახსრებით დავრბივართ უბან-უბან, კარდაკარ, რომ  მინიმუმი  1% ავიღოთ. წინასწარი მონაცემებით 1%-ს დაახლოებით 3კვირა იქნება რაც გავცდით და ვფიქრობთ სადღაც 3%-მდე ავიდეთ.

Comments
Loading...