ვაკის რაიონში მიმდინარე წელს 321 სხვადასხვა პროექტი განხორციელდა – ფოტოები

22

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ, 2018 წელს, სხვადასხვა მიმართულებით, 321 პროექტი განხორციელდა. რაიონის მასშტაბით მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით განახლდა მათი საერთო სარგებლობის ქონება, სოციალური მიმართულებით გაიცა სამედიცინო და ფინანსური დახმარება, ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ვაკის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ 2018 წელს რაიონში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„2018 წელი ნაყოფიერი და რთული იყო, ვაკის რაიონში ბევრი სხვადასხვა სამუშაო ჩატარდა, 100-მდე მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, კეთილმოეწყო 23 სკვერი და შიდა ეზო, 200-მდე მისამართზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, 160-მდე მისამართზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, მათი საერთო ქონება განახლდა. აღსანიშნავია, რომ გაიხსნა რეაბილიტირებული მაღლივის ხიდი, რომლითაც, ასევე, ბაგების მოსახლეობა სარგებლობს. ჩვენ ამ ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ვაკეში, ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე კაპიტალურად მოეწყო გზის საფარი, რეაბილიტირდა თბილისი-ნაფეტვრების გზა, განხორციელდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, გამწვანდა ბაგების და ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორიები. მომავალ წელს კი ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ამასთან, მინდა გამოვყო პარკ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტი. ვაკის რაიონის მცხოვრებლებისთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება. გარდა ამისა, ვაკის რაიონს შეემატა ახალი ლამაზი, კეთილმოწყობილი და თანამედროვე საბავშვო ბაღები“, – განაცახადა ნოდარ ტურძელაძემ.

ამასთან, ვაკის რაიონის გამგებლის თქმით, მომავალ წელსაც პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენს წინაშე კიდევ ბევრი გამოწვევაა. მომავალ წელსაც ჩვენი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება. გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები, თანამშრომლობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალური პრობლემების მოგვარება, კულტურული და სპორტული აქტივობები და სხვა მიმართულებები“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის მიერ, 96 მისამართზე განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია, კეთილმოეწყო 23 სკვერი და შიდა ეზო, 8 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი, 8 მისამართზე მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები, 7 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სპორტული მოედნები; ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 6 მისამართზე მოეწყო ფიტნეს-ზონა, 7 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები აშენდა და მოპირკეთდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს 48 მისამართზე განახლდა სახურავები და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, 42 მისამართზე განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია, 10 მისამართზე კი სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა. 35 მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელები მოეწყო და განახლდა, 9 მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, 14 მისამართზე განახლდა საერთო სარგებლობის კიბე.

სოციალური მიმართულებით, 2018 წელს სულ 10 638 განაცხადი დაკმაყოფილდა:

7091 განაცხადი – მედიკამენტებით უზრუნველყოფა
392 განაცხადი – გამოკლევების დაფინანსება
2168 განაცხადი – ერთჯერადი ფინანსური დახმარება
330 განაცხადი – სარეაბილიტაციო/თერაპიული ხელშეწყობა
408 განაცხადი – ოპერაციები
249 განაცხადი – სამშენებლო მასალით უზრუნველყოფა

გარდა ამისა, მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკის რაიონში 8 კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

Comments
Loading...