ეროვნულ ბანკში მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა

9

მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) დანერგა. 19 დეკემბერს, ტექნოპარკში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას BI-ის პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

BI-ის სისტემა გამოიყენება დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების ვიზუალური წარმოდგენისა და ანალიზისათვის.

ახალი პლატფორმა საშუალებას მისცემს საბანკო სექტორს, მთავრობას, ბიზნესისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მიიღონ ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ სებ-ის მიერ წარმოებული ინფორმაცია სწრაფად და ეფექტურად, ავტომატურად განახლებადი ინტერაქტიული საინფორმაციო დაფის ანუ ე.წ. “Dashboard”-ის საშუალებით.

სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის ნაცვლად, BI-ის მომხმარებელს შეეძლება გაეცნოს მეტა მონაცემებს, განსაზღვროს მისთვის სასურველი კვლევის არეალი და მარტივად დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები სხვადასხვა მაჩვენებლებს შორის.

BI-ის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების გზაზე. თუმცა, მას წინ უძღოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი განაცხადი ეროვნული ბანკის სტატისტიკაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს პროცესის – “სებსტატის” დანერგვის თვალსაზრისით. ეს არის ფინანსური ინსტიტუტებიდან ინფორმაციის მოპოვების, ხარისხის კონტროლისა და დამუშავების სტატისტიკური ინფორმაციული სისტემა, რომლის მონაცემებზეც აიწყო BI-ის ინტერაქტიული რეპორტები. აღნიშნული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული Excel-ის სტატიკური ცხრილების ავტომატურად განახლებადი, ინტერაქტიული და ანალიტიკური ინფორმაციით ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა.

BI სისტემის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტისადმი.

შედეგად, ტენდერის წესით შეირჩა მონაცემთა ვიზუალიზაციის ერთ-ერთი მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფა – Tableau, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ლიდერობს BI-ის შესახებ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიების მიმოხილვებსა და რეიტინგებში. აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაყრდნობით მოეწყო ცენტრალიზებული პლატფორმა და დაინერგა ინტერაქტიული Dashboard-ების გარკვეული რაოდენობა. საწყის ეტაპზე, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეპორტები სესხებსა და დეპოზიტებზე, რომელსაც პერიოდულად დაემატება ახალი Dashboard-ები, მათ შორის ფულად გზავნილებზე და მონეტარულ მიმოხილვებზე.

Comments
Loading...