ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა ნოემბერში 22.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

6

შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა ნოემბერში 22.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები შემცირდა 2.8 მლნ აშშ დოლარით.

ნოემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 197.6 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 706.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და ასევე დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 150.0 მლნ ლარით და 1340.0 მლნ ლარს შეადგენს. ასევე თვის განმავლობაში გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოს შემცირდა 15.0 მლნ ლარით. გალარების პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდამჭერი ინსტრუმენტებით გაცემული სესხების ნაშთი ნოემბრის ბოლოსთვის შემცირდა 14.7 მლნ ლარით და 61.9 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 101.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 1786.0 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 10.3 მლნ
ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით
განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 8.4 მლნ ლარით შემცირდა. 97.1 მლნ ლარამდე შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებულმა ნაშთებმა.

Comments
Loading...