ეკატერინე მიქაბაძე: იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა

7

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, აქედან ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარს.

რაც შეეხება იმპორტს – ის მიმდინარე წლის იანვარში 1.1 პროცენტით შემცირდა და 588.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, იანვარში სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 22.7 მლნ. აშშ. დოლარით და 349.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცალსახად დადებითი ფაქტორია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისთვის.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმები, ასევე თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმებები და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ვაჭრობის დივერსიფიკაციას, კერძოდ, ექსპორტის და სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, ექსპორტის მიმდინარე დინამიკა სწორედ ამის ერთმნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

Comments
Loading...