ევროკავშირის 30 მილიონი მოქალაქე შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

16

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო, ევროკავშირის 27 ქვეყანაში, 30 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. მომდევნო თვეებში კი მათ შესაძლოა მთლიანად დაკარგონ სამსახური, თუკი არ იქნება მიღებული სასწრაფო ზომები. ამის შესახებ ევროკავშირის დასაქმების და სოციალური უფლებების კომისარმა ნიკოლას შმიტმა ბრიუსელში გამართულ ვიდეო ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს 30 მილიონზე მეტი ადამიანი ნახევარ განაკვეთზეა. თუ არ მივმართავთ სასწრაფო ზომებს, მათ შესაძლოა უმუშევართა შორის გადაინაცვლონ. შეერთებულმა შტატებმა გვიჩვენა, თუ როგორ ვითარდება უმუშევრობის მაჩვენებლები ერთ თვეში, ევროპა ამას არ დაუშვებს.” – აცხადებს ევროკომისარი.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში უმუშევრობის დონე 3-ჯერ მოიმატებს 2020 წლის თებერვალთან შედარებით, როდესაც ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში 14.1 მილიონი უმუშევარი იყო. ყველაზე რთული მდგომარეობა ახალგაზრდების დასაქმებასთან არის დაკავშირებული: ამ სოციალურ ჯგუფში ევროკავშირის გარკვეულ ქვეყნებში (კერძოდ, სერიოზულად არის დამოკიდებული ტურიზმზე) უმუშევრობამ უკვე მიაღწია 50%-ს.

“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ახალგაზრდების უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდების ყოველი მეორე წარმომადგენელი (29 წლამდე ასაკის – ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით) უკვე უმუშევარია”, – აღნიშნა მან.

“ამ პირობებში განათლებას და გადამზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ, შეიძინონ ახალი უნარები, რომ იმუშაონ მიმდინარე კრიზისის ახალ პირობებში. რაც უფრო ნაკლები უნარის მქონეა თანამშრომელი, უფრო დაბალია მისი უმუშევრობისგან გადარჩენის შანსი”, – თქვა ევროკომისარმა.

მან დასძინა, რომ კრიზისი ასევე დააზარალებს მიგრანტებისა და პოლიტიკური ლტოლვილების მდგომარეობას ევროკავშირში, ისევე როგორც ბოშათა მოსახლეობას. ევროპაში ეკონომიკური მიგრანტების დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისად მაღალი ცოდნა, ან თუნდაც ენობრივი ბარიერი უკვე დაბრკოლებაა, რაც აფერხებს მათ ევროპულ შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. რაც შეეხება პოლიტიკური ლტოლვილების სტატუსის მქონე პირებს, ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში მათ საერთოდ არ აქვთ მუშაობის უფლება, ისინი ცხოვრობენ სოციალური შეღავათებით, რამაც, ბიუჯეტებზე დიდი ტვირთის გამო, შეიძლება სწრაფად დაიწყოს შემცირება.

6 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საგაზაფხულო ეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი 2020 წელს უპრეცედენტო, 7,7%-იან ვარდნას ელოდება.

Comments
Loading...