დონორი კონფერენციის მონაწილეებმა, Covid-19-ის ვაქცინის შემუშავებისთვის 7,4 მილიარდი ევრო შეაგროვეს

23

საერთაშორისო დონორი ონლაინ კონფერენციის მონაწილეებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკომისიის ეგიდით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პანდემიასთან ბრძოლის სხვა საშუალებების შემუშავებისთვის 7,4 მილიარდი ევრო შეაგროვეს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა კონფერენციის პირველი დღის შედეგების გამოცხადებისას განაცხადა.

“ეს შესანიშნავი დასაწყისია. მხოლოდ დღეს ჩვენ მივიღეთ 7,4 მილიარდი ევრო. თუმცა, კიდევ ბევრი რამ გვჭირდება. დღეს ჩვენ აგრეთვე მივიღეთ მნიშვნელოვანი სიგნალი: მსოფლიო გაერთიანდა კორონავირუსის წინააღმდეგ და სამყარო გაიმარჯვებს.” – აცხადებს იგი.

თავდაპირველად, კონფერენციის ორგანიზატორებმა მიზნად 7.5 მილიარდი ევროს შეგროვება დაისახეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კი კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, რომ მინიმუმ “ხუთჯერ მეტია” საჭირო სამკურნალო საშუალებების შემუშავებისთვის და პანდემიის შეკავებისთვის.

ფულის შეგროვების პროცესი გაგრძელდება 23 მაისამდე. ფონ დერ ლიაიენი აგრეთვე აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამ ეტაპზე, საერთაშორისო ფინანსური ძალისხმევის დასაფინანსებლად და კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებისთვის ყველაზე დიდი თანხა – 1 მილიარდი ევრო შეიტანა.

ონლაინ კონფერენციის ორგანიზატორები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, ნორვეგია, საუდის არაბეთი (როგორც G20-ის თავმჯდომარე), საფრანგეთი და იაპონია. ღონისძიების პარტნიორია რვა სტრუქტურა, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი.

მარტის დასაწყისში, ევროკომისიამ 90 მილიონი ევრო გამოყო კორონავირუსის ვაქცინისა და დიაგნოსტიკური საშუალებების შემუშავებისთვის. ცოტა ხნის შემდეგ, კავშირმა გამოაცხადა, რომ შეარჩია 17 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, კერძოდ ვაქცინის შემუშავებას, მკურნალობის თანმდევი მეთოდებისა და დაავადების დიაგნოსტიკას. აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის ევროკომისიამ 47,5 მილიონი ევრო გამოყო.

Comments
Loading...