დიმიტრი ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა 10,000-ობით სამუშაო ადგილს შექმნის

511

„მოგების გადასახადის რეფორმა ყოველწლიურად 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის ჩვენს კერძო ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ 10,000-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, რეფორმის შედეგად კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული, ის ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის დაინტერესებას, ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ.

საქართველოში საინვესტიციო ვითარებაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2014 – 2016 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მან მოიყვანა 2016 წლის 3 კვარტლის მონაცემი, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 5%-ით წლის ბოლომდე მისი მოცულობა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

დიმიტრი ქუმსიშვლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

Comments
Loading...