- Advertisement -

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა: ავტოკეფალია ემსახურება ეკლესიის სულიერ მისიას

12

“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მისამართით გაისმის, ესაა – რატომ გაახსენდა ახლა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი და სად იყო აქამდე. ეს საქმეში ჩაუხედავი და არაინფორმირებული ადამიანების პოზიციაა” – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გამო შექმნილ სპეციალურ ჯგუფში, მიუნჰენის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის დოქტორანტი, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.

“უკრაინაში ავტოკეფალიის მოთხოვნის წამოჭრა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის შესუსტების შემდგომ მოხერხდა. ამავე პერიოდში, მსოფლიო საპატრიარქოს ინიცირებით, წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე, მომზადდა ავტოკეფალიისა და ავტონომიის გამოცხადების წესის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობდა ავტოკეფალიის მიღებას საერთო მარათლმადიდებელი კრების მეშვეობით. ამ თემის აქტუალობა განპირობებული იყო უკრაინაში გამწვავებული სიტუაციით.

კერძოდ, 1991 წელს მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის კრება, ითხოვს ავტოკეფალიას მოსკოვისაგან, რაზეც იგი სწრაფ უარს იღებს და ხელმომწერ იერარქთა უმრავლესობას მეორე დღესვე უკან გააწვევინებს ხელმოწერებს. ამას არ ურიგდება მღვდელმთავართა ნაწილი, განუდგება მოსკოვის იურისდიქციას და ქმნის “უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (კიევის საპატრიარქო)”.

მოსკოვი ამ ახალ წარმონაქმნს უკანონოდ გამოაცხადებს, ხოლო შემდგომში მოახდენს მთავარი ფიგურანტის (ფილარეტ დენისენკოს) ანათემიზირებას, ყოველგვარი დოგმატური უთანხმოების გარეშე. ახალი საეკლესიო ერთეულის შექმნით, წარმოიშვა უკრაინული სქიზმა, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ავტოკეფალიის მოსაპოვებლად. 1993 წელს, ამ ეკლესიას გამოეყო მცირე ჯგუფი და წარმოიქმნა მეორე სქიზმატური ეკლესია – „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია”.

1995-97 წლებში მსოფლიო საპატრიარქომ, თავის იურისდიქციაში შეიყვანა უკრაინიდან საზღვარგარეთ წასული მღვდელმთავრები. შეიქმნა უკრაინის დიასპორული ეპარქიები აშშ-ში, კანადასა და დასავლეთ ევროპაში, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ეს დიასპორული ეპარქიები ხდება მსოფლიო საპატრიარქოსთვის მთავარი ბერკეტი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე სამუშაოდ. უკრაინაში ამ დაძაბულობის ფონზე ძლიერდება ასევე უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესია (5 მილიონიანი მრევლით). უკრაინელი ხალხის სურვილმა, ყოფილიყო დამოუკიდებელი რუსეთისგან, იმდენად იმძლავრა, რომ ხალხმა მასიურად დაიწყო გადასვლა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიიდან ზემოთხსენელ სქიზმატურ (აწ უკვე ანათემამოხსნილ) ეკლესიაში. დღესდღეობით მათი რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს.

2008 წელს უკრაინაში მომხდარმა სახელისუფლებო ცვლილებებმა, კვლავ წამოსწია წინ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი. მსოფლიო საპატრიარქო აწარმოებდა აქტიურ დიალოგს უკრაინულ და რუსულ მხარესთან, შედგა მსოფლიო პატრიარქის ვიზიტიც უკრაინაში.

პროცესებმა იმჟამად გონივრული დასასრული ვერ ჰპოვა. ხელის შემშლელი ფაქტორი კვლავ მოსკოვი და მის გავლენის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ეკლესიები აღმოჩნდნენ. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში წმინდა და დიდი კრების მოწვევის წინ შევიდა. მოსკოვის მოთხოვნით (ერთ-ერთი პირობა, რომ კრებას დასწრებოდნენ), დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა 90-იან წლებში მომზადებული დოკუმენტი ავტოკეფალიის შესახებ.

ამ და სხვა მრავალი წინაპირობის და დათმობის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქომ მაინც არ მიიღო მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაში 2016 წელს. ეკლესიებს, რომლებიც კრებას არ დაესწრნენ, გონივრული ვადა მიეცათ, გაეტარებინათ კრების რეცეპცია ადგილობრივ ეკლესიებში, მაგრამ ამაოდ (საქართველოს შემთხვევაში ეს თემა საერთოდ გაყინულია).

კონსტანტინოპოლს რეალურად არ დარჩა სხვა გზა, პროცესების საერთომართლმადიდებელ პლატფორმაზე გადასატანად და იტვირთა თავისი მოვალეობა/ვალდებულება – საკუთარ თავზე აეღო უკრაინაში მძიმე საეკლესიო დაძაბულობის განმუხტვა, სქიზმის დაძლევა, ეკლესიათა გაერთიანება და ავტოკეფალიის მინიჭება.

სქიზმაში მყოფმა და ანათემიზირებულმა ორი ეკლესიის მეთაურმა, კონსტანტინოპოლს მიმართენ სარჩელით, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული “აპელაციის უფლება”. კონსტანტინოპოლმა, როგორც უკრაინის დედა-ეკლესიამ და უმაღლესმა საეკლესიო სასამართლო ისტანციამ, მიიღო რა მათი სარჩელი, განიხილა და მოახდინა მოსკოვის მხრიდან უკანონოდ გამოტანილი სასჯელის ანულირება.
მაშასადამე, პატრიარქ ბართლომეს უკრაინა ახლა არ გახსენებია, არამედ მთელი ამ ხნის მანძილზე ის ამზადებდა ნიადაგს სიტუაციის იმდაგვარად მომწიფებისათვის, რომ მისი გადაწყვეტილების (ავტოკეფალიის მინიჭების) იმპლიმენტაცია მოახდინოს.

მოცემულობაა ის ფაქტი, რომ უკრაინაში აქამდე სქიზმაში არსებული (უკვე ანათემა მოხსნილი) 20 მილიონზე მეტი მორწმუნე, მოკლებულია მართლამდიდებლობის სისავშეში თანაზიარებას. ეს მოცემულობა, თავისი არსით, უკვე არის სულიერ-კანონიკური ასპექტი.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც პასუხისმგებელი ინსტანცია, ითვალისწინებს სიტუაციის ამ სულიერ ასპექტს და თავისი უფლება-მოვალეობის ფარგლებში, იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტებსაც მისი სამართლებრივი გადაწყვეტილების ინპლიმენტაციისათვის. (წინააღმდეგ შემთხვევაში, საინტერესოა, რომელმა მხოლოდ პოლიტიკურმა რეალობამ აიძულა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი, გადმოეცა ტომოსი საქართველოს ეკლესიისათვის 1990 წელს)”, – აღნიშნავს დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.

Comments
Loading...