გურჯაანელების ლაივ ფლეშმობი ფეისბუქზე – გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

3

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე ასეული ცოცხალი ვიდეოჩართვა განხორციელდა, რომელშიც გურჯაანის მერიის, კერძო და საჯარო დაწესებულებებისა და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. „ ჩემი პირადი გვერდიდან იშვიათად ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მინდა რომ დაგპატიჟოთ ღვინის ფესტივალზე. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს, გელოდებით 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ერთად დავაგემოვნოთ საუკეთესო ქართული ღვინო“, – ასე მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა საზოგადოებას.

სამუშაო ადგილებიდან, სახლიდან, ტრანსპორტიდან, ქუჩიდან – სხვადასხვა ასაკის გურჯაანელებმა ერთსადაიმავე დროს მიმართეს საზოგადოებას და გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოიწვიეს.
ამასთან ერთად, თითქმის ერთი თვეა, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ვიდეოკამპანია, სადაც ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები ამავე შინაარსის ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება და 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – საქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

Posted by Archil Khandamashvili on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

Comments
Loading...