გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს

19

29 თებერვალს და 1 მარტს, გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით,   სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომში და პარალელურ გიგანტურ სლალომში.  გუდაურში იმყოფებიან არაერთ საეთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10 ზე მეტი ქვეყნიდან.  შეჯიბრის წინა დღე ოფიციალურ  ვარჯიშს დაეთმობა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით ხდება, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით. წლევანდელი შეჯიბრის ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი, ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი ავსტრიელი სპეციალისტი, როლანდ ჰორნი.

„ჩვენს ზემოთ ლურიჯი ცაა და ყველაფერი რიგზეა.  ვისურდებით უფრო მეტ თოვლს შეჯიბრის საუკეთესოდ ჩასატარებლად. ბოლო ორი დღე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ტრასა დატკეპნილია, დამონტაჟებულია სტარტის და ფინიშის მექანიზმები.  მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია,  გვიადვილდება იმ ხალხთან ერთად მუშაობა, ვინც ჩართულია ამ დიდ ღონისძიებაში.“  –   ვოლფგანგ შტაინბერგერი

პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო    სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ, სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ორივე დღეს ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება ქალებში და მამაკაცებში.

ევროპის თასის ეტაპი  ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც როგორც ცნობილია 2023 წელს გაიმართება ბაკურიანში. მანამდე კი, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება,  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიოს თასის ეტაპებს უმასპინძლოს სხვადასხვა სამთო კურორტებზე. გუდაურში ორდღიანი შეჯიბრის წარმატებით ჩატარება მეტად  საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.

„უდიდესი და ურთულესი სამუშაო გასწიეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. თითქმის ერთი თვეა ისინი დაუზოგავად მუშაობენ, რომ საშეჯიბრო ტრასა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.  ჩვენი სტუმრები და დელეგატები კმაყოფილებას ვერ მალავენ. იმედი მაქვს, ამინდიც ხელს შეგვიწყობს და ორივე დღე წარმატებით ჩაივლის“ –  ზურაბ კოსტავა – საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

Comments
Loading...