გოცირიძე: არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ “გაზპრომიდან” გაზის შემოტანის პროექტი კორუფციულია

9

უკვე წლებია საქართველოს სახელმწიფოსა და რუსულ “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება განსჯის საგანი ხდება. ასე იყო “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ასეა დღესაც.  საქართველოს მოსახლეობამ არც წინა ხელისუფლების პერიოდში და არც ამჟამინდელი მმართველი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში არ იცის რა ხდება “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაში, რადგან ოფიციალურად ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს განეკუთვნება.

“აიპრესთან” საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შესაძლოა “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება ფულის “მოტეხვის” სქემა იყოს.

“ხელისუფლების განცხადება “გაზპრომთან” დაკავშირებით, რომ მასთან რაღაც გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერეს ხელი – სიცრუეა! ვინაიდან, ამ ხელშეკრულების გაუმჯობესების ნება და შესაძლებლობა არ არსებობს. ფაქტობრივად იმეორებენ იმას, რაც წინა ხელშეკრულება იყო.

ფორმალურად შესაძლებელია რომ ტრანზიტის ტარიფი გაიზარდოს სიმბოლურ ფასად და შემდეგ ეს გამოიყენონ  პროპაგანდისთვის, დაახლოებით ისე, როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზის ტარიფის კლებასთან დაკავშირებით, როდესაც თქვეს, გაზის ტარიფმა მოიკლო. სინამდვილეში მოიკლო 0,01-ით  და ადამიანები წლის განმავლობაში ზოგავდნენ რამდენიმე ლარს.

ასევე გასაკვირია, კალაძის მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში რუსეთისგან სავარაუდოდ შესასყიდი გაზის ფასი არ იყო საიდუმლო? ახლა ამბობენ რომ უკეთესი პირობებით შეიძლება შევისყიდით გაზი და ეს ნაწილი გასაიდუმლოვდეს. თუ ეს  უკეთესია, მაშინ რატომ ასაიდუმლოებენ ამას?!

როდესაც ამ პროპაგანდისტულ ხმაურს ეწევიან ჩვენ როგორც ტარიფი ასევე ფასი გავაუმჯობესეთ, გააუმჯობესეს კალაძის კონტრაქტთან შედარებით. მაშინ გამოდის რომ კალაძემ ცუდ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამათ უკეთესს?! მაშინ რატომ მოაწერა კალაძემ ცუდ კონტრაქტს ხელი, რამე ხომ არ არის ამაში მინიშნებები და პირიქით, თავის წარმოჩენა რომ ეს მინისტრი იმ მინისტრზე უკეთესად მუშაობს? თუმცა, ამ შემთხვევაში ნაკლებად მჯერა ამის. ფაქტია, ტრანზიტის საფასური სიმბოლურად იქნება შეცვლილი. ერთი რამე არ იცვლება, ძველი კონტრაქტით, როდესაც ჩვენ გაზს ვყიდულობდით ნატურით, სომხეთში გატარებული გაზის 20%-იდან საქართველოში რჩებოდა დაახლოებით 40  მილიონი დოლარის გაზი.

დღეს საუბარია ტრანზიტის საფასურზე, რომელიც დაახლოებით 12-დან მაქსიმუმ ყველაზე დიდი შეიძლება იყოს 15 მილიონი დოლარი.

ჩვენ კულუარებიდან გვაქვს ინფორმაცია, ისედაც გვქონდა ინფორმაცია, არაფერი იმალება, ყველამ კარგად ვიცით და ჩვენ ვკარგავთ დაახლოებით 25 მილიონ დოლარს.

ლარის ცვალებადობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას დაახლოებით 65 მილიონი დოლარი იკარგება წინა ხელშეკრულების პირობების შეცვლის გამო, ყოველწლიურად.

რატომ მაინცდამაინც მაშინ, როდესაც საქართველოს რუსეთიდან არ ჭირდება გაზი? როდესაც 2018 წელს საერთოდ არ მიგვიღია გაზი? როცა მოგვეწოდება ორი წყაროდან, “შაჰდენიზის” საერთაშორისო კონსორციუმიდან,  და “სოკარის” მილით აზერბაიჯანიდან. როდესაც სულ მალე, ამ წლის ბოლოს დამატებით გაზი გაივლის ჩვენ ტერიტორიაზე და ნაწილს უფასოდ მივიღებთ ამ კონსორციუმიდან და ნაწილს შეღავათიანი ფასით? როდესაც იგეგმება გაზსაცავის მშენებლობა, რატომ ვებღაუჭებით გაზპრომს? რომელის მთავარი მიზანია საქართველოში შემოვიდეს, როგორც კომერციული სტრუქტურა და არა სომხეთისთვის გაზის მიმწოდებელი.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაზპრომიდან გაზის შემოტანის პროექტი არის კორუფციული, ვინაიდან ქართველები და რუსები ამ სფეროში კარგად თანამშრომლობდნენ ყოველთვის, კორუფციული სქემებით. რუსეთიდან შემოტანილი გაზი საქართველოში წვრილ თუ მსხვილ მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს და აქ იყოს ფულის “მოტეხვის” სქემები, რაც ადრე მუშაობდა. ამიტომ, “გაზპრომიდან” გაზის მიღება შეიძლება ორმხრივად კორუფციულად ხელსაყრელი იყოს, როცა ჩვენ ვიცით, რა ფასად ვყიდულობთ  გაზს აზერბაიჯანის ორივე წყაროდან და ეს არ არის საიდუმლო და როდესაც ვასაიდუმლოებთ გაზის ფასს მოწოდებულს გაზპრომის მიერ, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. ამ შემთხვევაში არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ მომწოდებლებს და ეს არის კონკურენციის წინააღმდეგ მოქმედი ნაბიჯი, ვინაიდან ერთმა იცის იმის ფასი და მეორემ არ იცის იმის ფასი.

– “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2012 წელს, ალექსანდერე ხეთაგურის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში, “გაზპრომთან” დაიდო ხელშეკრულება და ისიც საიდუმლო იყო…

– კი კი. ამბობდნენ, რომ ეს ნაწილი იყო საიდუმლო, მაგრამ ყველამ იცოდა. იმ დროსაც ეს ხელშეკრულება იყო კონფიდენციალური, მაგრამ ყველამ იცოდა და არც არავინ მალავდა. მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურად ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიღებთ გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ 20%-ს. დეტალებში მთავარი იყო მხოლოდ ეს.

რაც შეეხება გაზის შესასყიდ ფასს, მაშინ საქართველოს, რუსეთიდან დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრი მოხმარებული გაზიდან ,10 % შემოდიოდა. მაგრამ დღეს, რაც უფრო მეტად ვითარდება გაზის მოპოვება, საქართველო100%-ით დაკმაყოფილებულია აზერბაიჯანიდან.  კიდევ უფრო მეტი რაოდენობის გაზი გაივლის წლის ბოლოს ჩვენ ტერიტორიაზე, ვინაიდან აშენდა დამატებითი გაზსადენი, დამონტაჟდა საქაჩი სადგურები და აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება გაორმაგდება უახლოეს პერიოდში.

იგივე კითხვები ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას გაზპრომთან დაკავშირები, რასაც დღეს თქვენ კითხულობთ…

არა. მაშინ საიდუმლო არაფერი იყო. ხელშეკრულება ოფიციალურად საიდუმლო იყო, მაგრამ მისი მთავარი შინაარსი, რომ ჩვენ ვიღებთ გატარებული გაზის 20%-ს, ყველამ იცოდა. დღეს ჩვენ არ ვიცით გატარებული გაზის სანაცვლოდ რამდენს ვიღებთ. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად ჟონავს ინფორმაცია, რომ ეს დაახლოებით 12 მილიონიდან 15 მილიონამდე დოლარის ფარგლებშია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...