გიორგი პერტაია-ვმუშაობთ ევროკავშირთან და ევროპალატასთან, რომ ქართულ მწარმოებლებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ბაზრებთან

11

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა და ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი პერტაიამ, ევროპალატის პრეზიდენტმა, კრისტოფ ლეიტლმა, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების პრეზიდენტმა, რიფატ ჰისარჩიკლიოღლუმ და სერბეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მარკო კადესმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან, ონლაინ შეხვედრისას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით მიზნობრივ დახმარებებზე, ბიზნეს სექტორში პანდემიის ფონზე შექმნილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას, გიორგი პერტაიამ ისაუბრა ევროკავშირისა და ევროპალატის მხარდაჭერის პროექტის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომელიც მოიცავს ექვსივე პარტნიორ ქვეყანას და პირდაპირ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას.

„პროექტის მიზანია ამ ქვეყნებიდან მეტი ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტზე გატანა და ევროკავშირის ქვეყნებში რეალიზების ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა ევროკავშირთან თანამშორმლობისა და მიზნობრივი მხარდაჭერის საშუალებით”-აცხადებს გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპალატის მიერ გაკეთდა კვლევა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, თუ რა ფაქტორები უშლიან ხელს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და გამოავლინა რიგი პრობლემები ამ კუთხით, მათ შორის ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, სურსათის უვნებლობის პროცედურების გავლა ევროკავშირში და ა.შ. კვლევაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.

„ევოკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებისთვის 900 მილიონი ევრო გამოყო. როგორც აღინიშნა ევროკავშირი გეგმავს ინკლუზიური ეკონომიკის გაძლიერების კუთხით მიმართოს ეს დაფინანსება, რაც ნიშნავს ჩვენს შემთხვევაში ექსპორტის გაზრდას. ხოლო, ექსპორტი რომ გავზარდოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმ ბარიერებისა და დაბრკოლებების შემცირებას, რაც კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რათა მარტივი გახდეს ევროკავშირში სავაჭრო პარტნიორის მოძიება“- აღნიშნავს პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას თქმით, შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, რომლებსაც აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, დაიწყოს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

,,ჩვენ ვართ ბიზნეს საზოგადოება და ბუნებრივია, ჩვენთვის მეტი სავაჭრო შეთანხმება ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს”-აცხადებს გიორგი პერტაია.

Comments
Loading...