- Advertisement -

გიორგი კეპულაძე: ბანკებს პრობლემები აქვს, მაგრამ ხალხის გაღარიბება 2 ბანკს დააბრალო, ზედმეტია!

65
ბიძინა ივანიშვილმა როგორც ბანკირმა კარგად იცის, რა რისკებს შეიცავს კომერციულ ბანკებზე ასეთი განცხადებები, – ასე ეხმაურება "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.
 
კეპულაძე "აიპრესთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები ბანკებზე პოპულისტურია და ეკონომიკასთან ბევრი საერთო არ აქვს. მისი თქმით, ხშირად პოლიტიკოსები ფიქრობენ არჩევნების მოგებაზე და არა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.
 
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის შესახებ განაცხადა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან ბანკების მიმართ  პირველი კრიტიკა. გვახსოვს სააკაშვილის, ბახტაძის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები… უკვე ბიძინა ივანიშვილმაც ღიად დაიწყო ბანკების კრიტიკა. როგორია თქვენი როგორც სპეციალისტის შეფასება, ეს მართლაც არის ქვეყნისთვის პრობლემური საკითხი და რელევანტურია საკითხის ასე დასმა თუ ეს არის პოლიტიკოსების პიარნაწილი და პოპულისტური თემა?
 
უკვე მივეჩვიეთ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული ჯგუფების დემონიზებას და საარჩევნოდ ქულების დაწერას. მოგეხსენებათ ბანკები ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ უყვარს, ჩვენი მენტალობიდან და სიღარიბის დონიდან გამომდინარე. შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ბიზნესი, რომელსაც შეიძლება მარტივად დაარტყა და ხალხის გულები მოიგო, ეს სწორედ საბანკო სექტორია.
 
როგორც ჩანს პოლიტიკურმა ძალებმა წინასაარჩევნოდ კვლევები ჩაატარეს და მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ პრობლემებია ბანკებთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ იმ განწყობებით, რაც მოსახლეობაშია. იყო განცხადებები ბახტაძის, სააკაშვილის, გუშინ უკვე ბიძინა ივანიშვილისაც. რომელიც, არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მთლიანად პოპულისტური გზავნილია და ეკონომიკასთან ბევრი საერთო არ აქვს.
 
ბანკებს თავისი პრობლემები აქვს მოხმარების უფლებებთან დაკავშირებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა უკმაყოფილობის საფუძველი იყოს, მაგრამ ის რომ ქართული ეკონომიკის დანგრევა და მოსახლეობის გაღარიბება 2 კომერციულ ბანკს დააბრალო, ეს ძალიან ზედმეტია.
 
თქვენ ალბათ შესწავლილი გექნებათ დასავლური ქვეყნების მაგალითები. იქ როგორ არის დარეგულირებული რეგულაციების თემა?
 
კომერციულ ბანკებს თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი რეგულატორი. ეს არის ცენტრალური ბანკი, ან ცალკე ინსტიტუტი არსებობს. ასევე რეგულაციები, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს კომერციულ ბანკებს. ეს ასეა საქართველოშიც. ბოლოს კიდევ უფრო გამკაცრდა ეს რეგულაციები. ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ბანკებს ნაკლები რეგულაცია აქვს, ვიდრე ჩვენი ტიპის ქვეყნების ბანკებს. ამ ეტაპზე პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებს რომ შევედაროთ არ იქნება სწორი.
 
ბანკებზე თავდასხმა ახასიათებთ ხოლმე პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩვენი ტიპის ქვეყნებში. იმისთვის, რომ მოიგონ ამომრჩეველთა გული. პოლიტიკოსები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ვის უნდა დაარტყან. მთავარია, რომ ამით მოიგონ მოსახლეობის გული. შეიძლება დაარტყან რომელიმე პოლიტიკოსს. შეიძლება დაარტყან რომელიმე ბიზნესს. თუმცა, პოლიტიკოსები კარგად უნდა დაფიქრდნენ, როცა კომერციულ ბანკებზე და მით უმეტეს 2 წამყვან ბანკზე საუბრობენ. ისინი გასულები არიან ლონდონის ბირჟაზე. მათ მიმართ პოლიტიკოსების განცხადებები ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის არ არის კარგი, რადგან ისინი ინვესტიციების მოზიდვის ძალიან დიდ წყაროს წარმოადგენენ ქვეყნისთვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და მე არ მინდა წარმოვიდგინო რა შეიძლება მოხდეს, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს რამე პრობლემა რომ შეექმნას.
 
რას გულისხმობთ პრობლემის შექმნაში?
 
პრობლემა შეიძლება ბევრნაირი წარმოიშვას. თუნდაც, პოლიტიკოსების მსგავსი ტიპის განცხადებების შემდეგ. ეს პრობლემა მხოლოდ ამ ორი ბანკის პრობლემით არ დასრულდება. ჩვენ გვახსოვს, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრობლემები შეექმნათ ქართულ კომერციულ ბანკებს და რა მდგომარეობა წარმოიქმნა. არ მინდა ვისაუბრო, რომ შესაძლოა მსგავსი რამე განმეორდეს, მაგრამ სჯობს რომ ყველა ფრთხილად იყოს როცა ეკონომიკის ძალიან დიდ სეგმენტზე საუბრობენ. ასეთი დიდი სეგმენტი ჩვენს ეკონომიკაში ფაქტობრივად არ არის.
 
ანუ, ხედავთ იმის რიკსებს, რომ ასეთმა განცხადებებმა საბანკო ბიზნესზე და ზოგადად ქვეყნის ბიზნესგარემოზე იქონიოს გავლენა?
 
რა თქმა უნდა. გარკვეულ გავლენას ეს აუცილებლად იქონიებს. ბიძინა ივანიშვილმა როგორც ბანკირმა და ბანკის დამფუძნებელმა ძალიან კარგად იცის, რა რისკებს შეიცავს მსგავსი განცხადებები. გვახსოვს პოლიტიკოსების განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ ვნებდა საქართველოს ეკონომიკას. თუმცა, პოლიტიკოსები ხშირად ფიქრობენ არჩევნების მოგებაზე, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მათთვის მოკლევადიან პერსპექტივაში არჩევნებში გამარჯვება გაცილებით მომხიბვლელია, ვიდრე შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი.
Comments
Loading...