გიორგი გახარია: მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი

8

“მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თერჯოლაში, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძისა და თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია არის სისტემურად იზრუნოს ადამიანებზე და შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას.

„ადამიანები აქედან სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ არა თუ თბილისში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მათ, ვისაც სურვილი აქვთ თავის მამაპაპისეულ ფუძეზე გააგრძელონ შრომა და ცხოვრება, ეს ის მინიმალური პირობებია, რომლებიც ჩვენ, როგორც მთავრობამ აუცილებლად უნდა შევუქმნათ თითოეულ მოქალაქეს.

ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა.მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...