გია მიქაძე: შექმნილ ვითარებაში აუცილებელია სურსათის გაციების, გაყინვის, თერმული დამუშავების, პასტელიზების პირობების მკაცრად დაცვა

26

ყველასთვის ცნობილია რომ სურსათის უვნებლობა ერთნაირად მოითხოვს სახელმწიფოს, მომხმარებლების, მწარმოებლების, ფერმერების, მეცნიერებისა და მკვლევრების ძალისხმევას და ურთიერთმხარდაჭერას. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც მსოფლიო, მათ შორის საქართველო ახალ კორონავირუსს ებრძვის. აქ კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა მნიშვნელოვანია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გია მიქაძემ „აიპრესთან“ ახალი კორონავირუსის დროს სააგენტოს ფუნქციონირებასა და მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც მოითხოვს  სურსათის გაციების, გაყინვის, თერმული დაუშავების დროს მკაცრად დაცულ ტემპერატურულ რეჟიმებსა და სხვა ღონისძიებებს:

„ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები დადიან და აკონტროლებენ სურსათის უვნებლობის ნაწილს. ვიცით რომ რესტორნები და ძირითადი სავაჭრო ობიექტები ამჟამად დაკეტილია.

უფრო მეტად აქტიურები ვარ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სურსათის უვნებლობის ისეთ ნაწილს, როგორიც არის  ვადაგასული სურსათი, ტემპერატურის დაცვა“

სააგენტოს მიზანი და ამოცანა,  აღნიშნულიდან გამომდინარე სწორედ სურსათის მომხმარებლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა, სურსათით გამოწვეული დაავადებებისა და სხვა საფრთხეებისგან.

„ასეთ დროს სურსათის უვნებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და სწორედ ამიტომ კონტროლდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება სახელმწიფო კონტროლი. რაც შეეხება ეფექტურობას, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ და გვაქვს დაწესებული მორიგეობები. ინსპექტირების ჯგუფები გადიან და ჩვეულ რეჟიმში ახორციელებენ გარკვეული ობიექტების  ინსპექტირებას“

გია მიქაძემ განმარტავს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები:

  1. სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები.
  2. სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  3. ამასთან, ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  4. ამასთან, ხაზგასმით წერია, რომ სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი;

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გია მიქაძემ  რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების პრინციპებზეც ისაუბრა.

როგოც გია მიქაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია რძის პასტერიზაცია, რომლის დროსაც ხდება მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობით განადგურება, ამასთან ტემპერატურული რეჟიმების დაცვა, რომელიც პროდუქტის უვნებლობას უზრუნველყოფს:

„რძე და რძის ნაწარმი ექვემდებარება შენახვა-რეალიზაციის, ასევე მომზადების დროს ტემპერატურული რეჟიმების დაცვას.  თუ შეფუთული მაწონი, არაჟანი, კარაქი დახლზე ერთად იქნება განთავსებული ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ, აუცილებელია დაცული იყოს ის ტემპერატურული რეჟიმები, რომელიც უზრუნველყოფს მათ უვნებლობას.

წარმოების ეტაპზე ჩვენ გვაქვს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს წარმოების, ეტიკეტირების, რეალიზაციისას გარკვეული პირობების დაცვას რძისა და რძის ნაწარმზე.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტებია:

პირველი, ტექნოლოგიური პროცესის დროს, საჭიროა რძეს ჩაუტარდეს პასტერიზაცია, იმ ტემპერატურაზე, რომელიც უზრუნველყოფს მიკრო ორგანიზმების განადგურებას;

მეორე, დაცული უნდა იყოს პერსონალის პირადი ჰიგიენა;

მესამე, დაცული უნდა იყოს ეტიკეტირება რძესა და რძის ნაწარმზე;

გია მიქაძის თქმით,  მნიშვნელოვანია რძისა და რძის ნაწარმის ტრანსპორტირებისას დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმები.  ასევე, ის საზოგადოების იმ ნაწილს ვისაც ალერგია აწუხებს, შეახსენებს რომ რძე და რძის ნაწარმები  სწორედ ალერგენებს წარმოადგენს:

„რძე და რძის ნაწარმი თავისი არსით არის ალერგენები, აქედან გამომდინარე ეს მოსახლეობამ, ვისაც ალერგია აწუხებს, კარგად უნდა გაითავისოს – ყველა პროდუქტი გამონაკლისის გარეშე, რძე და რძის ნაწარმი წარმოადგენს ალერგენს!

გია მიქაძემ კორონავირუსის დროს რძისა და რძის პროდუქტების როლზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია  იმ ობიექტზე, სადაც აღნიშნული პროდუქტია განლაგებული, ხშირად ტარდებოდეს დეზინფექცია, ვინაიდან მყარი ზედაპირიდან  შეხებისას არ მოხდეს ვირუსის გავრცელება:

„სარეალიზაციო ქსელში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც იყიდება რძე და რძის პროდუქტები, უფრო ხშირი რეცხვა და დეზინფექცირება უნდა მოხდეს რომ მყარი ზედაპირიდან არ გადავიდეს ვირუსი, მათ შორის  შესაძლოა შეფუთვიდან,  თუმცა, ესაც საბოლოოდ მეცნიერულად,  არ არის დამტკიცებული ვინაიდან, კორონავირუსი ახალი ვირუსია.“

მიქაძის განმარტებით, რძე და რძის პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ დაფასოებულია, მეტად დაცულია გარეგანი ზემოქმედებისგან. შესაბამისად ასეთი რძე და რძის პროდუქტი საზოგადოებისთვის ბევრად უსაფრთხოა.

„ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს დაუფასოებელი სურსათის რეალიზაციას. საუბარია იმ პირობების დაცვაზე, რომელიც ეკუთვნის როგორც დაფასოებულ ისე დაუფასოებელ სურსათს.

შეიძლება დაუფასოებელი სურსათი რეალიზაციაში იყოს.  თუმცა, დაფასოების შემთხვევაში უფრო მეტად არის დაცული გარეგანი ზემოქმედებისგან.  იმ გარემოსგან, სადაც იყიდება. პროდუქტის დაფასოების შემთხვევაში, პირდაპირ სურსათთან ნაკლები შეხება აქვს პერსონალს, ადამიანებს“

პასტერიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა  განმარტა რომ, პასტერიზაციის დროს ხდება მიკრო ორგანიზმების უმეტესობის განადგურება, ასევე კანონმდებლობა მოითხოვს რომ დამუშავების პირობები ეტიკეტზე იყოს დატანილი:

„რძისა და რძის ნაწარმის შემთხვევაში განსაკუთრებით რძეს  ეხება, თერმული დამუშავების პირობები უნდა ეწეროს ეტიკეტზე. ყველაფერი  უნდა იყოს დატანილი. ეს არის ნედლი რძე თუ პასტერიზებული. ეს აუცილებელია, ამას კანონმდებლობა მოითხოვს.

რაც შეეხება პასტერიზაციის მნიშვნელობას, ამ დროს ხდება, მაღალ ტემპერატურაზე გარკვეული დროის განმავლობაში რძის დამუშავება, რომლის დროსაც ნადგურდება მიკრო ორგანიზმების უმეტესობა, თუმცა არა 100%-ით“ – ამბობს მიქაძე.

ამრიგად, დაფასოებული, პასტერიზებული, ტემპერატურული რეჟიმების დაცვით შეძენილი რძე და რძის პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრად უსაფრთხოა. ამ დროს ხდება მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობით განადგურება, რაც ხელს იწყობს ორგანიზმის დაცვას სხვადასხვა დაავადებისგან. მათ შორის სტაფილოკოკის და ნაწლავის ჩხირებისგან.

Comments
Loading...