გერმანიასა და ბრაზილიასთან ქართველი მეზღვაურების პროფესიულ დასაქმებაზე მემორანდუმები გაფორმდა

4

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გერმანიასა და ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმები გააფორმა.

გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ფედერალურ სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი საზღვაო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველო გერმანიას განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. იმ პროგრამებს შორის, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვების საშუალებას მოგვცემს.

რაც შეეხება მეორე მემორანდუმს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გააფორმა ბრაზილიის შესაბამის უწყებასთან. საუბარია ბრაზილიასა და საქართველოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებაზე, რომელიც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა მისცემს, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე. რომელთა რიცხვიც, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს.

მემორანდუმებზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი მოხსენებით გამოვა ორგანიზაციის სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებას იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააცნობს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რომელიც უახლოეს მომავალში არსებითად შეცვლის საზღვაო სექტორს ჩვენს ქვეყანაში.

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.

ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება.

Comments
Loading...