გახარია: ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება არის ყველაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი

11

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იქმნება და ვულოცავ ახალგაზრდებს.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება არის ყველაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი, უბრალოდ სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ 21-ე საუკუნეში ვიყოთ კონკურენტუნარიანები სხვადასხვა სფეროში.

ამისთვის დიდი მადლობა „ფონდ ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი ქმედებისთვის, რაც დაიწყო დღეს აქ. იმედია მალე ვიხილავთ პირველ სტუდენტებს, რომლებიც იქნებიან ამ უნივერსიტეტის გამოშვებული“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროში ,”შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის „საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე , გაიმართება პანელური დისკუსია.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

Comments
Loading...