ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი – ახალი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

9

1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ვიზეარის კომერციულმა დირექტორმა, ჯორჯ მიხალოპულოსმა.

წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, ვიზეარი ქუთაისში მესამე თვითმფრინავსა და 6 ახალ მიმართულებას ამატებს.

“არსებული 22 ევროპული მიმართულების გარდა უნგრული ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია ვიზეარი 6 ახალ ავიამიმართულებას ამატებს. რაც გარდა იმისა, რომ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,” – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.

Comments
Loading...