ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

7

ბრიტანეთი ქერჩის სრუტეში, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტის შემოღებას დაჟინებით მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ბუენოს- აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვმოქმედებდით ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ… რუსეთის წინააღმდეგ იმ სანქციების დაწესებას გავაგრძელებთ, რომელსაც აუცილებლად მივიჩნევთ”, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რუსეთი ვალდებულია გაათავისუფლოს მეზღვაურები და ხომალდები, ასევე ხელი შეუწყოს ვითარების დეესკალაციას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში.

G20-ის სამიტი ბუენოს-აირესში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.

Comments
Loading...