ბიზნესომბუდსმენი ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან ერთად უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს

9

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა წყლის და უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხის განხილვა იყო.

რამდენიმე დღის წინ დარგის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას და ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ღია წერილით მიმართეს და მათ წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების განხორციელებას სთხოვს.
დღევანდელ შეხვედრაზე მეწარმეებმა ბიზნესომბუდსმენს გააცნეს პროდუქციის მარკირების პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემები და 2011 წლიდან ხელისუფლებასთან და სახელმწიფო უწყებებთან დაწყებული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრეს.

პრობლემის მთავარი არსი ამჟამად გახლავთ ის, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის ბოლომდე მარკირების საფასურს გადაიხდის სსიპ შემოსავლების სამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხის გადავადება და საკანონმდებლო დონეზე საკითხი საბოლოოდ მოგვარებული არ არის.

შინაარსობრივად ყველა თანხმდება, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოს ბიზნესის ფინანსური ტვირთი. მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველ ჯერზე, ყოველწლიურად ბიზნესს და სახელმწიფო სტრუქტურებს არ მოუწიოთ მასზე მსჯელობა.

ახლა ზუსტად არის ცნობილი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტის მხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარი აღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარს წელიწადში.

ბატონი მიხეილ დაუშვილი კომპანიების წევრებს დაჰპირდა, რომ საკითხს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ქვეყნის პრემიერთან შეთანხმებით განიხილავს და დაეხმარება მეწარმეებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ბიზნესს არ დააზარალებს, შეუქმნის უკეთეს პირობებს და სახელმწიფოსთვისაც იქნება მისაღები.

შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები.

Comments
Loading...