ბიზნესომბუდსმენის მყისიერი რეაქცია მეწარმეების წერილზე, უალკოჰოლო სასმელების მარკირების თაობაზე

36

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წერილს პრემიერის და ბიზნესომბუდსმენის სახელზე და გუშინ პირადად ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას, დღეს უკვე მოჰყვა რეაქცია მთავრობის სხდომაზე. ხელისუფლების გადაწყვეტილება პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააჟღერა, რომლის თანახმადაც უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს კვლავ შემოსავლების სამსახური გადაიხდის. როგორც მეწარმეები აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან.

როგორც დღეს პრემიერის პრესსპიკრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა სასარგებლოდ სავალდებულო მარკირების საფასურის გადახდას შემოსავლების სამსახური განაგრძობს.

“პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც ბიზნეს სექტორს გააჩნია. ერთ-ერთი მათგანი, რაც მედიითაც გავრცელდა, იყო მომართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების მხრიდან და რომელიც ეხებოდა უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხს.

მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსა და ამ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ნოემბრის ბოლოს, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ ღია წერილით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა და მას წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების განხორციელება სთხოვა.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, “უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც დარგის ყველა მსხვილი მწარმოებელია გაერთიანებული („კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, სს „წყალი მარგებელი” /ნაბეღლავი/, კომპანია “ნატახტარი“ და სხვ.), წლების მანძილზე არწმუნებდა ხელისუფლებას, რომ წყლის და სხვა უალკოჰოლო სასმელების აქციზის ანალოგიური წესით მარკირება არაოპტიმალური გადაწყვეტილებაა და გაუმართლებელ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, რისი რესურსიც ისედაც მცირემარჟიან ბიზნეს-სექტორს არ გააჩნია. საპასუხოდ სექტორმა მიიღო დაპირება, რომ მარკირების ხარჯი ბიზნესის ტვირთი არ იქნება, თუმცა აღნიშნული დაპირების რეალიზება დღემდე ხდებოდა დროებითი (გარდამავალი) ღონისძიებების სახით, რაც – ასოციაციის წევრების აზრით – საკმარისად სტაბილურ გარემოს ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე და განვითარების გრძელვადიანი პროგნოზირების დამაბრკოლებელი ფაქტორია.”

Comments
Loading...